აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებლის ალან პერსელის რეზიდენციაში, საქართველოში ვიზიტით მყოფ კონგრესის თანამშრომლების დელეგაციას ოპოზიციური პარტიის ლიდერები შეხვდნენ. შეხვედრაზე იმყოფებოდნენ „ლელო-ძლიერი საქართველოს” ლიდერი, ბადრი ჯაფარიძე, „კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი ზურა ჯაფარიძე, პარტია „თავისუფლების მოედნის” ლიდერი, ლევან ცუცქირიძე და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური მდივანი, გიორგი ბარამიძე.
„ყველაფრის საქმის კურსში იყვნენ, რაც ამ ქვეყანაში ხდება. ჩვენი მხრიდან საუბარი პირველ რიგში იყო იმ საკითხზე, რომ ორი ქვეყანა არის ახლა, ვენესუელა და სირია, სადაც შესაძლებელია მუშაობა და ამერიკის შეერთებული შტატების დახმარება, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა აღიარონ, ჩვენი მხრიდან საუბრის მეორე საკითხი იყო დემოკრატიის უკუსვლა, ადამიანის უფლებები, თუ რა ვითარებაა. ცხადია, პირველ რიგში, კითხვები ეხებოდა გუშინ მიღებულ ახალ რეგულაციებსაც, რომელიც ჩემი აზრით სპეციალურად დაამთხვიეს ამ დელეგაციის ვიზიტს საქართველოში. ჩემი აზრით, რუსების მხრიდან არის სიგნალი კონკრეტულად ამერიკელებისთვის, რომ ეს ქვეყანა ჩვენ გვიდევს ჯიბეში და რასაც გვინდა, იმას გავაკეთებთ. ინფორმაცია ყველაფერზე ჰქონდათ, დეტალები იყო, რაზეც დამატებით ინფორმაცია მივაწოდეთ. ამერიკა რჩება საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორად, ქართველი ხალხის პარტნიორად. მათ აინტერესებთ საქართველო იყოს განვითარებული დემოკრატია, ამისთვის ყველაფერს გააკეთებენ,”-ამის შესახებ ,,კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ-გირჩი ჯაფარიძემ შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
,,ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური მდივნის,გიორგი ბარამიძის თქმით, საქართველოსა და ამერიკის ურთიერთობები დღეს დაბალ დონეზეა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ამერიკის მხრიდან ქართველი ხალხისადმი მხარდაჭერა დაბალია.
„მე დავაყენე საკითხი, რა თქმა უნდა, კოლეგებთან ერთად, რომ ახალი გარემოებები შეიქმნა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შეუძლია სირიისა და ვენესუელას ახალ მთავრობებთან დასვას საკითხი, რომ მათ აღიარონ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, ანუ უკან წაიღონ აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონების ე.წ. სახელმწიფოების უკანონო აღიარება, რაც მათ გააკეთეს რუსეთის ზეწოლით. ამის შესაძლებლობა გაჩნდა, თუმცა საქართველოში მოქმედი მოღალატეთა და კრიმინალთა ბანდა ამაზე, ბუნებრივია, არ იზრუნებს. მიუხედავად იმისა, რომ ზეწოლის ქვეშ ვართ, გვებრძვიან და გვანადგურებენ, ჩვენთვის ყოველთვის მთავარი იყო, არის და იქნება საქართველოს მთლიანობა, აქედან გამომდინარე, პირველი ეს საკითხი დავსვით.
რა თქმა უნდა, “MEGOBARI აქტთან“ დაკავშირებული საკითხები [განვიხილეთ]. ასევე, განვიხილეთ მიმდინარე საკითხები, რასაც აკეთებს ეს რუსეთის მეხუთე კოლონა საქართველოში. ძალიან კმაყოფილები ვართ იმით, რომ მოვისმინეთ ზუსტად ის, რასაც ველოდით, რომ აშშ-ის ორივე პარტია ისე არის განწყობილი საქართველოსთან მიმართებაში, როგორც უნდა იყოს. მოვისმინეთ, რომ მათ კარგად იციან საქართველოს გეოპოლიტიკური მნიშვნელობა, როგორი სახელმწიფო იყო საქართველო აქამდე და ის, თუ რა მდგომარეობაა დღეს ჩვენს ქვეყანაში. ძალიან კარგად არიან ინფორმირებულები და როდესაც ჩავლენ, ბუნებრივია, ის კონგრესმენები, რომლებიც საგარეო საქმეთა კომიტეტში მუშაობენ ორივე პარტიიდან, ამ ყველაფერს მიიღებენ მხედველობაში და შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგმება საქართველოსთან მიმართებაში. აქვე აღსანიშნავია, რომ აშშ-ს დღემდე არ ჰყავს დანიშნული ოფიციალურად ელჩი საქართველოში. ასეთ დაბალ დონეზეა საქართველოსა და ამერიკის ურთიერთობები მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ამერიკის მხრიდან ქართველი ხალხისადმი მხარდაჭერა არის დაბალი,“ -აღნიშნა ბარამიძემ.
აშშ-ის კონგრესის თანამშრომელთა დელეგაციასთან შეხვედრის შემდეგ მედიასთან კომენტარი ასევე გააკეთა ,,თავისუფლების მოედნის” ლიდერმა, ლევან ცუცქირიძემაც.
„გვქონდა შეხვედრა კონგრესის თანამშრომლებთან. კარგად იყვნენ ინფორმირებულები, რა ხდება საქართველოში. ჩვენ ჩვენი შეხედულებები ვუთხარით. მთავარი მხარდაჭერა, რაც ჩვენ შეერთებული შტატებისგან გვინდა, არის ქართველი ხალხის მხარდაჭერა, საქართველოში დემოკრატიის, სახელმწიფოებრიობის, უსაფრთხოების გასაძლიერებლად. ამაში შეერთებული შტატები ყოველთვის იყო ჩვენი მხარდამჭერი, სტრატეგიული პარტნიორი. ეს სტრატეგიული პარტნიორობა „ქართულმა ოცნებამ“ ჩაშალა და ამიტომ აღმოვჩნდით იქ, სადაც ვართ. ჩვენი სურვილი და გეგმაც, რა თქმა უნდა, არის ის. რომ ამ ქვეყანაში აღდგეს ის ურთიერთობები, რაც გვქონდა, მაგრამ ეს ვერ მოხდება „ქართული ოცნების“ პირობებში. ჩვენ გვინდა შეერთებული შტატების მხარდაჭერა საქართველოსთვის. ახლა არის დიდი ალიანსების შექმნის დრო და საქართველო უნდა იყოს ძლიერ პარტნიორებთან ერთად. ამათში უძლიერესი არის, რა თქმა უნდა, შეერთებული შტატები,“ – განაცხადა ცუცქირიძემ.