ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომის დაწყებამდე ევროკავშირის ლიდერებისა და სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლების მხრიდან, საქართველოში ბოლო დროს მიღებულ კანონებთან დაკავშირებით განცხადებები გაკეთდა.
„ველი, რომ დღევანდელ შეხვედრაზე ზოგიერთი მინისტრი ამ საკითხს წამოჭრის. ჩვენ ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების მხარდამჭერები ვართ და პრესის თავისუფლებაც ერთ-ერთი მათგანია. ველით, რომ ნაბიჯებს გადავდგამთ მათ წინააღმდეგ, ვინც ამას ახორციელებს,”-ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასმა განაცხადა.
„ქართული ოცნების“ მიერ გამოცხადებული საკანონმდებლო ცვლილებების გეგმის შესახებ, ,,ევროსკოპის” კითხვას უპასუხა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმაც.
„ის, რაც ქართველ ხალხთან დაკავშირებით ხდება, ძალიან სამწუხარო და ცუდი ამბავია. ამ რეჟიმზე უფრო მეტი ზეწოლა უნდა მოხდეს. ეს საკითხი აუცილებლად უნდა განვიხილოთ. ესტონეთი მთელი ამ დროის განმავლობაში მხარს უჭერს ქართველ ხალხს და მხარს უჭერს ამ რეჟიმის ლიდერების წინააღმდეგ სხვადასხვა შეზღუდვებსა და აკრძალვებს,”-აღნიშნა მარგუს ცაჰკნამ.
„ქვეყანა ევროკავშირის სამომავლო პერსპექტივებს სულ უფრო და უფრო შორდება. ერთადერთი, რაც შემიძლია მთავრობას ვუთხრა არის ის, რომ ეს აბსურდი შეწყვიტოს და ევროპულ მომავალზე მუშაობა დაიწყოს. გარდა ამისა, ჩვენ მხარს ვუჭერთ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს და რამდენიმე მათგანს მიმდინარე კვირაში ჩემს ოფისში შევხვდით. ასევე, რა თქმა უნდა, ჩვენ მხარს ვუჭერთ მედიას. ასე რომ, გთხოვთ, გამაგრდით,”-ამის შესახებ კი ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში, მარტა კოსმა განაცხადა.
ცნობისთვის, უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ 28 იანვარს საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის შემდეგ განაცხადა, რომ რამდენიმე საკანონმდებლო ცვლილება მომზადდა. კერძოდ, კირცხალიას თქმით, „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილება შედის, წესდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, დასჯადი ხდება გარე ლობიზმი. ასევე საკანონმდებლო ცვლილებები მომზადდა „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონში და მეწარმე სუბიექტის საჯარო პოლიტიკურ აქტივობასთან დაკავშირებით.