თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ერთიანდება.

„დამატებით შემოგვაქვს წამყვანი პროფესორის აკადემიური თანამდებობა. ამ თანამდებობაზე კონკურსის წესით შერჩეული პირები უზრუნველყოფენ სასწავლო და კვლევითი საქმიანობის სტრატეგიულ ხელმძღვანელობას, ხარისხის ზრდასა და ახალგაზრდა აკადემიური პერსონალის განვითარებას. ხაზგასასმელია, რომ მიმდინარე რეფორმის ფარგლებში, არ იგეგმება აკადემიური კადრების შემცირება. მაქსიმალურად შევინარჩუნებთ აკადემიურ პერსონალს, გავწევთ ძალისხმევას, რომ მათი გამოცდილება და ცოდნა გამოყენებული იყოს როგორც სასწავლო კომპონენტში, ასევე კვლევით და სამეცნიერო საქმიანობაში. ამასთანავე, მივიღეთ არსებული ადგილების შენარჩუნების გადაწყვეტილება და არ ვამცირებთ სტუდენტთა ჩარიცხვის კვოტებს. ჩვენი მიზანია, განათლების სისტემაში გამჭვირვალედ, საზოგადოების ჩართულობით განხორციელდეს ფუნდამენტური რეფორმები. ამის დადასტურებაა მიზნობრივ ჯგუფებთან პირდაპირი კომუნიკაციის გზით, რეფორმით გათვალისწინებული საკითხების განხილვა, რასაც ჩვენ მომავალშიც აქტიურად გავაგრძელებთ,”-ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანების შესახებ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

თსუ-ს პროფესორმა, ლევან გორდეზიანმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანებაზე საუბრისას აღნიშნა,რომ უნივერსიტეტების გაერთიანება “ძალიან ცუდია”.

,,არ შეიძლება ასეთი გადაწყვეტილებები მიიღებოდეს უნივერსიტეტებთან და აკადემიურ საზოგადოებასთან საუბრის გარეშე. მიზანი არის ერთადერთი – კონტროლი. როგორც ჩანს, არ მოხერხდა არსებული ადმინისტრაციების პირობებში “დრაკონული” ცვლილებების გატარება, შესაბამისად, ორი უნივერსიტეტი ერთიანდება, ინიშნება დროებითი მმართველობა, რომელმაც სავარაუდოდ, ნაჯახით უნდა გაჩეხოს. გზადაგზა გამოჩნდა მთელი სისრულით ის მავნებლობა, რაც ჩადებულია. საწყენია, რომ “ქართული ოცნება” გვიყურებს, როგორც საკუთარ აქტივს, საკუთრებას. როგორც ეჩვენებათ, რომ გამოადგებათ, ისე განგვკარგავენ. ეს არის საწინააღმდეგო იმის, თუ რას ნიშნავს განათლების სისტემა დღეს. განათლება უნდა გვაძლევდეს განათლებულ, თავისუფლად მოაზროვნე ადამიანს, ისინი კი ამას უპირისპირდებიან. ამ ფარგლებში, რაც არ უნდა კარგად დაალაგონ, ეს მიდგომა მიუღებელია. რაღაცები არ იციან, დეტალებიც არ ესმით და ბევრს ცოდავენ. ცალკეულ დეტალს თავისი უარყოფითი შედეგი ექნება, თუ მოესწრო განხორციელება,” – განაცხადა ლევან გორდეზიანმა.

განათლების საკითხების მკვლევრის,ლელა ჩახაიას თქმით, ორივე უნივერსიტეტი არის საუკუნოვანი ტრადიციის მქონე და მათი ასე, პირდაპირ გაერთიანება წარმოუდგენელია.

„საგანმანათლებლო ტრადიციებთან ბრძოლაა. აუცილებლად უნდა გავიგოთ ვინ იყო ამ გადაწყვეტილების მიღებაში ჩართული, ასე გამოცხადება, რომ 2 ამხელა საუკუნის ტრადიციის მქონე უნივერსიტეტი გაერთიანდება, წარმოუდგენელია. სავარაუდოდ, ამას საფუძვლად უდევს ინტერესი შენობების გასხვისების, ითქვა რომ არ მოჰყვება კვოტების შემცირება და პერსონალის შემცირება, ეს მგონია შეუძლებელია. ვნახავთ, როდესაც სტუდენტების კვოტები გამოცხადდება და პროფესორ-მასწავლებლების რაოდენობა. როდესაც ამ ორი უდიდესი საგანმანათლებლო ტრადიციის მქონე სასწავლებელს აერთიანებენ, განათლებასთან ბრძოლაა”,- აღნიშნა ლელა ჩახაიამ.