უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მიიჩნევს, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება „დაჩქარებული სცენარით“, რომლის მიხედვითაც ზოგიერთი ვალდებულება გაწევრიანების შემდეგ უნდა შესრულდეს, სრულიად რეალურია.

მისი განცხადებით, უკრაინა ევროკავშირში გაწევრიანების გეგმებზე უარს არ იტყვის, რადგან ეს ნაბიჯი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია.

„ევროკავშირი უკრაინისა და მთელი ევროპის უსაფრთხოების გარანტიაა, თუმცა ის ასევე ჩვენი ეგზისტენციალური არჩევანია. ეს არა მხოლოდ გეოპოლიტიკური და ეკონომიკური რეალობის, არამედ საერთო ღირებულებების საკითხიცაა“, – განაცხადა ზელენსკიმ.

დოკუმენტებში უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების სავარაუდო თარიღად 2027 წლის მითითებასთან დაკავშირებით, უკრაინის პრეზიდენტმა განმარტა, რომ ეს თარიღი ეფუძნება ქვეყნის ტექნიკური მზადყოფნის მოლოდინებს.

„მე დიპლომატებს ვკითხე: როდის ვიქნებით ტექნიკურად მზად? ტექნიკურად, ჩვენ მზად ვიქნებით 2027 წელს“, – აღნიშნა მან.

ზელენსკის თქმით, საჭიროა დისკუსია უკრაინისთვის სპეციალური, დაჩქარებული პროცედურის შესახებ, რადგან სხვა ვარიანტებს რუსეთის მხრიდან წინააღმდეგობა შეხვდება.

„ჩვენ დაინტერესებულები ვართ სწრაფი ტემპით. სხვა კანდიდატი ქვეყნები ომში არ არიან და არ ჰყავთ მტრულად განწყობილი ძალა, რომელიც მათ ევროკავშირში გაწევრიანებას დაბლოკავს. რუსეთი ამას გააკეთებს – ეს აშკარაა. მას სურს, რომ უკრაინა არც ნატო-ში იყოს და არც ევროკავშირში. უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების წინააღმდეგ ჰიბრიდული ომი იქნება“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

ევროპელი ლიდერების განცხადებებზე კომენტირებისას, რომლებიც წევრობის წინაპირობების სრულად შესრულების აუცილებლობაზე მიუთითებენ, ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უნდა არსებობდეს გაწევრიანების ისეთი სცენარი, რომლის ფარგლებშიც პირობების შესრულება პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გახდება შესაძლებელი.

„პოსტფაქტუმ უკრაინას შეუძლია გააკეთოს ყველაფერი, რაც საჭიროა – ისევე, როგორც ეს კანდიდატის სტატუსის მინიჭების დროს მოხდა. ამან იმუშავა: მივიღეთ კანდიდატობა და ავიღეთ ვალდებულება გარკვეული ნაბიჯების შესრულებაზე. თუ მათ არ შევასრულებთ, სტატუსი არ იარსებებს. ეს ნორმალური მიდგომაა“, – განაცხადა ზელენსკიმ.