სირიის მთავრობამ და ქურთი მებრძოლებით დაკომპლექტებულმა სირიის დემოკრატიულმა ძალებმა (SDF) ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რამდენიმე კვირის წინ მიღწეული შეთანხმების სტაბილიზაციის მიზნით ახალი შეთანხმება გააფორმეს.

SDF-ის განცხადებით, შეთანხმების ფარგლებში სირიის შინაგან საქმეთა სამინისტროსთან დაკავშირებული უსაფრთხოების ძალები ალ-ჰასაკესა და ქამიშლის ქალაქებში შევლენ — იმ ქალაქებში, სადაც მათ აქამდე შესვლა ეკრძალებოდათ. აღნიშნული ნაბიჯი SDF-სა და სამთავრობო ძალებს შორის ინტეგრაციის პროცესის დაწყებას გულისხმობს.

შეთანხმების მიხედვით, სირიაში ჩამოყალიბდება ახალი სამხედრო ბრიგადა, რომელიც SDF-ის სამი ბრიგადისგან იქნება დაკომპლექტებული.

ამასთან, ჩრდილო-აღმოსავლეთ სირიაში ქურთების ხელმძღვანელობით მოქმედი ადგილობრივი ადმინისტრაციული ინსტიტუტები, რომლებიც წლების განმავლობაში ფაქტობრივად ავტონომიურად ფუნქციონირებდნენ, სახელმწიფო ინსტიტუტებში ინტეგრირდებიან, მათ თანამშრომლებთან ერთად.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ შეთანხმება ასევე მოიცავს ქურთი ხალხის სამოქალაქო და საგანმანათლებლო უფლებების დაცვას, ასევე იძულებით გადაადგილებული პირების საკუთარ რეგიონებში დაბრუნების გარანტიებს.

„შეთანხმების მიზანია სირიის ტერიტორიების გაერთიანება და რეგიონში სრული ინტეგრაციის პროცესის განხორციელება დაინტერესებულ მხარეებს შორის თანამშრომლობის გაძლიერებისა და ქვეყნის აღდგენისკენ მიმართული ძალისხმევის გაერთიანების გზით“, – ნათქვამია განცხადებაში.