განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ გივი მიქანაძეს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორებს შორის შეხვედრა გაიმართა.

„დღეს შედგა ჩემი პირველი შეხვედრა ორივე უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან. ოც-ოცი წარმომადგენელი ესწრებოდა თითოეული უნივერსიტეტიდან. პირველი და უმნიშვნელოვანესი არის ის, რომ ყველა ვთანხმდებით, უმაღლესი განათლების სისტემა დგას გამოწვევების წინაშე, რეფორმა აუცილებელი, უმნიშვნელოვანესია და განსახორციელებელია. ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ ის საკითხები, რაც რეფორმის კონცეფციით არის გათვალისწინებული, აუცილებლად გასატარებელია იმიტომ, რომ მის შედეგს აქვს სასიცოცხლოდ, განსაკუთრებული მნიშვნელობა ჩვენი ქვეყნის შემდგომი განვითარებისთვის.

მე მქონდა შესაძლებლობა, რომ ორივე უნივერსიტეტის წარმომადგენლებისთვის მომესმინა, გამეგო მათი პოზიციები კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით და ამის შემდეგ ჩემგან იყო კონკრეტული წინადადება, შეთავაზება იმ პროცესებთან მიმართებაში, რომელიც ორი უნივერსიტეტის გაერთიანებასთან არის დაკავშირებული. მიმდინარე კვირაში პარლამენტმა განიხილა საკანონმდებლო ცვლილებები, ეს ცვლილებები პარლამენტმა მიიღო და ის პრეზიდენტის მხრიდან ხელმოწერილია, რაც იმას ნიშნავს, რომ სამართლებრივი საფუძვლები უკვე ძალაშია შესული. შესაბამისად, ერთ-ერთი ნორმა ეხება ზოგადად რეორგანიზაციის პროცესის განხორციელებას, რა დროსაც მინისტრის მიერ ინიშნება დროებითი რექტორი, მოადგილეები და კანცლერი, ასევე მმართველი ორგანოს ჩამოყალიბება ხდება, ეს არის დროებითი საბჭო, რომელზეც ჩვენ განვაცხადეთ, რომ ორივე უნივერსიტეტის მხრიდან უნდა მოხდეს პარიტეტული წესით თანაბარი რაოდენობით ამ საბჭოს დაკომპლექტება და ზუსტად ამ საკითხზე გვქონდა შეთავაზება, რომ ჩამოყალიბდეს დროებითი საბჭო ორივე უნივერსიტეტის წარმომადგენლებისგან, მათ წარადგინონ კანდიდატურები. რეორგანიზაციის პროცესი წარიმართოს არა რამდენიმე თვის, არამედ განხორციელდეს თუნდაც ორი წლის, ორ წლინახევრის განმავლობაში. შეთავაზებული იყო, რომ დავიწყოთ რეორგანიზაციის პროცესი, ჩამოვაყალიბოთ დროებითი მმართველი ორგანო, თუმცა ამ მმართველმა ორგანომ არა მყისიერად და რამდენიმე თვის განმავლობაში, არამედ თუნდაც ორ წლის, ორ წელიწადნახევარში იმსჯელოს საკითხებზე, ყველა პოზიცია შეაჯეროს და მხოლოდ შეჯერების შემდეგ დასრულდეს მთლიანი რეორგანიზაცია.

ორივე უნივერსიტეტის წარმომადგენლების მხრიდან გამოითქვა სურვილი, რომ ამ პროცესით კი არ წავიდეთ, არამედ შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომელიც ჯერ ყველა ამ საკითხზე იმსჯელებს და შემდგომში გადაწყვეტილებას რასაც მიიღებს, განვახორციელოთ შემდგომი ნაბიჯები რეორგანიზაციასთან დაკავშირებით.

საბოლოო ჯამში ჩვენ ყველამ ერთად აღვნიშნეთ, რომ ეს შეხვედრა და ეს დიალოგი უმნიშვნელოვანესი იყო. ჩემი მხრიდან იყო თხოვნა, რომ ორივე უნივერსიტეტის აკადემიური საზოგადოება კიდევ ერთხელ დაფიქრდეს იმ კონკრეტულ შეთავაზებაზე, გაანალიზოს მისი მხარეები, რომელიც დაკავშირებულია რეფორმის განხორციელებასთან და მიზანშეწონილობასთან და იმსჯელოს მათ მიზანშეწონილობაზე. პარალელურად დაფიქსირდა პოზიცია, რომ ჩვენ გუნდში კიდევ ერთხელ შევაჯერებთ იმ პოზიციებს, რაც გამოთქმული იქნა და ვიმსჯელებთ იმაზე, რა შეიძლება ამ პროცესთან მიმართებით დამატებით კიდევ შევთავაზოთ,”-ამის შესახებ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. 

 საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, დავით გურგენიძის თქმით, მისი  თხოვნაა, ,,შეიქმნას კოლეგიალური ჯგუფი ორივე უნივერსიტეტიდან, რომელიც იმსჯელებს თუ როგორი იქნება ეს რეფორმა, სად მივალთ და რას მოგვიტანს.” როგორც მან აღნიშნა, მათ წინადადებები კონსტრუქციულად წაუყენეს, სთხოვეს და უთხრეს სად, რა პრობლემებია. ამასთან, კითხვაზე, რა მოხდება თუ ეს დიალოგი კონსენსუსამდე ვერ მივა და ეს ორი უნივერსიტეტი მაინც გაერთიანდება, გურგენიძემ უპასუხა, რომ მას პრემიერ-მინისტრის დიდი იმედი აქვს.

თსუ-ს რექტორმა, ჯაბა სამუშიამ განათლების მინხტრთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ მათი მხრიდან მინისტრს გადასცეს ის პოზიცია, რაც აქვს თსუ-ს და მის არჩევით ორგანოებს.

„მინდა გითხრათ, რომ შეხვედრა ძალიან საინტერესოდ წარიმართა, ძალიან ბევრი საკითხი დაისვა. ყველაზე მთავარი ის არის, რომ ჩვენი მხრიდან, თსუ-ს მხრიდან ბატონ მინისტრს გადავეცით ის პოზიცია, რაც აქვს თსუ-ს და მის არჩევით ორგანოებს, მხედველობაში მაქვს სენატი. რა თქმა უნდა, გამოითქვა სხვადასხვა პოზიცია. ერთი რამ, რაზეც შემიძლია ცალსახად გითხრათ, რომ შევჯერდით ის არის, რომ დიალოგი აუცილებლად გაგრძელდება. რაიმე კონკრეტული გადაწყვეტილება ამ შეხვედრაზე არ მიგვიღია. დიალოგი გაგრძელდება და ვთვლით, რომ აუცილებელია ამ დიალოგში მონაწილე მხარეებმა და უპირველესად თსუ-მ და სტუ-მ, ერთობლივად მოამზადოს ის ხედვები, რომელი ხედვებიც დაედება საფუძვლად ამ პროცესს. დღეს ჩვენ ცალსახად აღვნიშნეთ, რომ ასეთი შეხვედრები მომავალ კვირასაც გაგრძელდეს,”-განაცხადა ჯაბა სამუშიამ.