სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის შემსწავლელი დროებითი კომისიის პირველი სამუშაო სხდომა პარლამენტში ხორცპროდუქტების, რძის პროდუქტებისა და კვერცხის მწარმოებელი კომპანიების მონაწილეობით გაიმართა.
სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი კომისია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართავს ინიციატივით, პარლამენტმა, კომისიის მუშაობის პარალელურად, მოიწვიოს საერთაშორისო კომპანია. კომისიის თავმჯდომარის, შოთა ბერეკაშვილის განცხადებით, საერთაშორისო კომპანიის მოწვევის მიზანია, კომპანიამ შეისწავლოს გამოწვევები და გასცეს შესაბამისი რეკომენდაციები. მისი განმარტებით, ამ ეტაპზე საუბარია მხოლოდ საკვები პროდუქტებისა და პირველადი მოხმარების საგნების სექტორის შესწავლაზე, რომელიც უმნიშვნელოვანესი სექტორია და საქართველოს ეკონომიკის დაახლოებით 20 პროცენტს შეადგენს. იგი ამბობს, რომ საერთაშორისო კომპანიის შესარჩევად ტენდერი გამოცხადდება. კომისიის წევრებმა აღნიშნულ ინიციატივას მხარი დაუჭირეს.
ფასებთან დაკავშირებით შექმნილი დროებით საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარის შოთა ბერეკაშვილის განცხადებით, ხორცპროდუქტების, რძის პროდუქტების და კვერცხის მწარმოებლებთან შეხვედრისას ხუთი ძირითადი პრობლემის იდენტიფიცირება მოხდა.
„პირველი – წარმოების ნაწილში აღმოჩნდა, რომ მწარმოებელი დიდწილად დამოკიდებულია იმპორტირებულ ნედლეულზე, რომელიც თავის მხრივ, იმპორტის ინფლაციურ წნეხს ქმნის.
მეორე – ასევე არსებობს პრობლემა საოპერაციო ხარჯის ნაწილში. განსაკუთრებით დიდი წილი ე.წ. გაყიდვების და მარკეტის ხარჯს ეთმობა, რომელიც შედგება „ქეშბექებისგან“, მაღაზიაში შესვლისა და თაროს გადასახადისგან. ეს პროდუქციას მნიშვნელოვნად აძვირებს.
მესამე მნიშვნელოვანი აღმოჩენაა ის, რომ ურთიერთობების ჯაჭვში მწარმოებელს, დისტრიბუტორსა და რითეილერებს შორის ასიმეტრიული ურთიერთობა არსებობს, რაც იმას ნიშნავს, რომ ზედა რგოლს უფრო კომერციულ ურთიერთობებში მეტი პირობების დაყენება შეუძლია.
პრობლემად გამოვლინდა ნაშთების მართვა – ნაშთების მართვის ოპტიმიზაცია საშუალებას მოგცემთ, რომ უფრო ეფექტურად იმუშაოთ.
მეხუთე კატეგორიის პრობლემაა სამუშაო კაპიტალი, კაპიტალის ღირებულება და გადახდის დაგვიანების შემთხვევები, როცა ღირებულება პროდუქტის თვითღირებულებაში აისახება და ესეც დამატებით წნეხს ქმნის“, – განაცხადა შოთა ბერეკაშვილმა.
ცნობისთვის, სამომხმარებლო ფასებთან დაკავშირებული საპარლამენტო კომისიის მომდევნო შეხვედრა პარასკევს, 13 თებერვალს გაიმართება.