საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე სხვადასხვა საკითხზე ისაუბრა.

„საერთაშორისო სარეზერვო აქტივებში გვაქვს პროგრესი, იანვარშიც გაგრძელდა ჩვენი სავალუტო და სხვა სარეზერვო აქტივების შევსება. იანვარში ეროვნულმა ბანკმა რეზერვები დამატებით 141 მილიონი დოლარით შეავსო. რის შედეგადაც დაფიქსირდა კიდევ ერთი რეკორდული მაჩვენებელი. ჩვენმა სარეზერვო აქტივებმა მთლიანობაში შეადგინა უკვე 6,3 მილიარდი დოლარი. მადლობა მინდა, გადავუხადო ეროვნულ ბანკს გაწეული სამუშაოსთვის. ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, ხელმძღვანელობას, საბჭოს წევრებს, ყველას მადლობა გაწეული სამუშაოსთვის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პრემიერ-მინისტრმა  ყურადღება ეკონომიკურ ზრდაზეც გაამახვილა:

„შეჯამდა შარშანდელი ეკონომიკური ზრდის მონაცემები, გვაქვს წინასწარი მაჩვენებელი. შარშან ეკონომიკურმა ზრდამ შეადგინა 7,5% გვქონდა იმაზე მაღალი მაჩვენებელი, ვიდრე გათვალისწინებული იყო პირველადი პროგნოზით, რაც შემოგვთავაზა საერთაშორისო სავალუტო ფონდმა, შემდეგ გადავაჭარბეთ დაზუსტებულ პროგნოზსაც, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. პირველად ისტორიაში საქართველოს ეკონომიკამ გასული წლის ბოლოს გადააჭარბა 100 მლრდ ლარს და ერთ სულ მოსახლეზე, პირველად გადააჭარბა 10 000 დოლარს. შარშან წლის ბოლოს ჩვენმა ეკონომიკამ შეადგინა 104 მლრდ ლარი.

რაც შეეხება 2026 წელს, ბიუჯეტი 5%-იან ეკონომიკურ ზრდაზეა დაგეგმილი, თუმცა, ვფიქრობთ, რომ ამ გეგმას წელსაც გადაჭარბებით შევასრულებთ. არსებული კონსერვატიული პროგნოზით საქართველოს ეკონომიკა 2026 წელს 114 მლრდ ლარს მიაღწევს, ხოლო 1 სულ მოსახლეზე 11 000 დოლარს გადააჭარბებს. თუმცა, როგორც ვთქვი, ჩვენი მიზნები კიდევ უფრო ამბიციურია და ჩვენი ოპტიმიზმის ერთ-ერთი საფუძველია ის მნიშვნელოვანი რეფორმები, რომლებიც გატარდა ჩვენს ქვეყანაში გასული რამდენიმე თვის განმავლობაში, განსაკუთრებით, ეკონომიკის სამინისტროს სისტემაში, მათ შორის, სახელმწიფო საწარმოებში. ეს ყველაფერი გვაძლევს იმის საშუალებას, რომ კიდევ უფრო ოპტიმისტური პროგნოზები გავაკეთოთ ეკონომიკურ ზრდასთან დაკავშირებით “, – განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ მთავრობამ წარმატებით გამოუშვა 500 მილიონი დოლარის ევროობლიგაციები ლონდონის საფონდო ბირჟაზე.

„საპროცენტო განაკვეთი 5,125%-ის ოდენობით დაფიქსირდა, რაც არის ევროობლიგაციების ბაზრისთვის საუკეთესო მაჩვენებელი, რაც დაფიქსირდა ბოლო ოთხი წლის განმავლობაში საქართველოს მსგავსი და ერთი საფეხურით მაღალი საკრედიტო რეიტინგის მქონე სუვერენული ევროობლიგაციებისთვის. შესაბამისად, ეს არის ის მაჩვენებელი, რომლითაც შეგვიძლია, ვიამაყოთ.

საერთაშორისო ინვესტორებმა დააფიქსირეს რეკორდულად მაღალი 2,8 მილიარდი დოლარის მოთხოვნა ჩვენს ფასიან ქაღალდებზე, რაც შეთავაზებულ ოდენობას 5,5-ჯერ აღემატება, ესეც თავისთავად მეტყველებს მაღალ ნდობაზე. უშუალოდ ტრანზაქციაში 100-ზე მეტმა საერთაშორისო ინვესტორმა მიიღო მონაწილეობა. ის ფაქტი, რომ საერთაშორისო ინვესტორები ბევრად ნაკლებრისკიანად აფასებენ საქართველოს და მზად არიან, საქართველოს ფასიან ქაღალდებში 2,8 მილიარდი დოლარის ინვესტირება განახორციელონ, მიუთითებს იმაზე, რომ ძალიან მაღალია ნდობა ჩვენი ფისკალური და ეკონომიკური პოლიტიკის მიმართ.”

პრემიერ-მინისტრის ინფორმაციით, „იგლ ჰილსის“ პროექტში, კრწანისის ტერიტორიაზე, წინასწარი გაყიდვები დაიწყო. 257 გაყიდული ბინიდან, 147 ბინა ქართველებმა, ხოლო 110 ბინა უცხოელებმა იყიდეს. მისი თქმით, გაყიდული ბინებიდან მხოლოდ 8 შეიძინეს არაბული ქვეყნების მოქალაქეებმა. რაც შეეხება ფასს, კობახიძის თქმით, გარემონტებული ბინისთვის ფასი კვადრატულ მეტრზე 1650 დოლარს შეადგენდა.

მთავრობა ფასების შესწავლას პესტიციდებისა და აგრო-ქიმიური საშუალებების მიმართულებითაც იწყებს. როგორც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, საკითხი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ფერმერებისთვის, ვინაიდან პესტიციდების ფასი და ხელმისაწვდომობა პირდაპირ აისახება სოფლის მეურნეობის წარმოების თვითღირებულებაზე, ფერმერთა კონკურენტუნარიანობასა და სასურსათო პროდუქტების ფასებზე. მისივე თქმით, საქართველოში აღინიშნება როგორც მაღალი ფასები პესტიციდებზე, ისე ჭარბი მოხმარების პრაქტიკა და ორივე მიმართულებით  სერიოზული გამოწვევები არსებობს.