ათონელის სასახლეში ხორვატიის რესპუბლიკის პრეზიდენტის, ზორან მილანოვიჩის ოფიციალური დახვედრის ცერემონია გაიმართა.  მას საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი მასპინძლობს.   მოგვიანები, მიხეილ ყაველაშვილმა ხორვატიის რესპუბლიკის პრეზიდენტთან, ზორან მილანოვიჩთან პირისპირ შეხვედრა გამართა.    პრესსამსახურის ინფორმაციით, პირისპირ გამართულ შეხვედრაზე კოლეგებმა ორმხრივი ურთიერთობის აქტუალური საკითხები, თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების პერსპექტივა და მიმდინარე გლობალური პროცესები განიხილეს.

„გეთანხმებით, რომ ზრდის მაჩვენებელი ყველაზე მნიშვნელოვანი ინდიკატორია, რომელიც ანახებს ეკონომიკური აქტივობის განვითარებას, ვაჭრობას და ა.შ. ამ მიმართებით საქართველო წარმატებულია და მაღალი ზრდის მაჩვენებელი გააჩნია. ეს არის მესამე მსოფლიოს ქვეყანა, ჰქონდა სირთულეები ეკონომიკური თვალსაზრისით, ჰქონდა ბარიერები, თუმცა თავისი ძალისხმევის თვალსაზრისით, როცა საკითხი ეხება ეკონომიკას, ქვეყანა წარმატებულია და ჩვენ მხარს უნდა ვუჭერდეთ ამას. არა უპირობოდ, უპირობო არაფერი არ არსებობს, ჩვენ უნდა ვუჭერდეთ მხარს ამ ფაქტს.

ქვეყანას ბარიერებს უქმნიან, მორალური დილემის წინაშე აყენებენ, აბრალებენ, რომ მოსკოვის აგენტია. ეს არის მორალური შანტაჟი. ისინი აშანტაჟებენ ქვეყანას, ხდება ამ ქვეყნისთვის ხელების გადაგრეხა და შანტაჟი. ამიტომ ჩამოვედი საქართველოში, რომ ეს მეთქვა. მე ჩამოვედი ფართო დელეგაციით. ეკონომისტები არიან ჩემთან ერთად, რომლებიც წამყვან ბიზნესებს წარმოადგენენ ხორვატიაში. მათ აინტერესებთ ძალიან ეს ბაზარი, საქართველოს ბაზარი, კავკასიის ეს ზონა.

ჩემი სოლიდარობა და ყველა ხორვატის სოლიდარობა საქართველოსთან კითხვის ნიშნის ქვეშ არ დგას. მე მიმაჩნია, რომ მშვიდობიანად თქვენ შეძლებთ აღიდგინოთ ტერიტორიული მთლიანობა. ჩვენ ვდგავართ გრძნობების დონეზეც კი თქვენ გვერდით, იმიტომ, რომ ჩვენც გვქონდა უზარმაზარი პრობლემები, მაგრამ ჩვენი მტერი უფრო სუსტი იყო, ვიდრე თქვენი. ვფიქრობ, რომ ეს არ იქნება ინტერპრეტირებული, როგორც პრორუსული აგიტაცია, იმიტომ, რომ ყველაფერი შესაძლებელია დღევანდელ სამყაროში. მე აქ ვიმყოფები დღეს და ხვალ ჩემს მეგობრებთან ერთად. ზოგიერთს წლებია ვიცნობ. მანამდე არ შევხვედრივარ მიხეილ ყაველაშვილს, უკვე შევხვდი და დარწმუნებული ვარ, ჩვენი ურთიერთობები იქნება მაღალ დონეზე, რომელიც ემყარება ურთიერთპატივისცემას. სახელმწიფო, ერი, რომელსაც მე-12 საუკუნეში შოთა რუსთაველი ჰყავდა, ამავე დროს ყველაზე წინ წასული ევროპული ქვეყნები, არ გააჩნდათ ასეთი დონის ლიტერატურა და ხელოვნება, საქართველო იმსახურებს გაგებას, მხარდაჭერას და ამისთვისაც ვიმყოფები აქ,”-ამის შესახებ ხორვატიის პრეზიდენტმა განაცხადა, რომლის თარგმანსაც ,,იმედი” ავრცელებს.

როგორც საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა, ხორვატიის პრეზიდენტის განცხადება არის „სიმართლის აღიარება და დამოკიდებულება, როგორიც უნდა იყოს ორი თანასწორი ქვეყნის ღირსეულ პრეზიდენტებს შორის.”

„დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ბატონ პრეზიდენტს ასეთი ემოციური და თბილი სიტყვებისთვის. ჩვენ საზოგადოებას მინდა მივმართო, რომ დიახ, ევროკავშირის ღირსეული ქვეყანა ხორვატია და მისი პრეზიდენტი, სიმართლეს საუბრობს, სწორედ ასეთ გულწრფელ საუბარს ვითხოვთ ევროპული ბიუროკრატიისგან და იმ ქვეყნების წარმომადგენლებისგან, რომელთაც ორმაგი სტანდარტი აქვთ და სხვა დამოკიდებულებით არიან ჩვენს ქვეყანასთან. აი, ეს არის ნამდვილი, ღირსეული ლიდერის დამოკიდებულება და აქ, არ არის ზედმეტი არაფერი, ეს არის, პირდაპირი მნიშვნელობით, სიმართლის აღიარება და დამოკიდებულება, როგორი უნდა იყოს ორი თანასწორი ქვეყნის ღირსეულ პრეზიდენტებს შორის ურთიერთობა და დიდი მადლობა მას ამისთვის. კიდევ ერთხელ, მადლობას ვუხდი ჩვენს მშვენიერ ქვეყანაში ჩამოსვლისთვის. მისი ვიზიტი გრძელდება, შეხვდება პრემიერ-მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარეს. დარწმუნებული ვარ, კმაყოფილი დარჩება ჩვენი ქვეყნის ხილვით და მასპინძლობით,”-განაცხადა ყაველაშვილმა ხორვატიის პრეზიდენტთან გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე.

ყაველაშვილის შეფასებას ხორვატიის პრეზიდენტმა უპასუხა და თქვა, რომ მას არ ეთანხმება იმ ნაწილში, სადაც ხორვატია გამოყო როგორც პოზიტიური და ევროპის ყველა სხვა ქვეყანა როგორც ნეგატიური.

„არ არის მნიშვნელოვანი, რომ მე ბოლო სიტყვა ვთქვა ახლა, მაგრამ პრეზიდენტმა გამოყო ხორვატია, მე ვერ დავეთანხმები. იცით, რა, ბატონი პრეზიდენტის სიტყვიდან გამოვიდა, რომ პოზიტიური არის ხორვატია და ყველა ევროპული ქვეყანა არის ნეგატიური საქართველოსთვის. ბევრ ევროპელ მოთამაშეს საერთოდ პოზიცია არ გააჩნია, დამოკიდებულება არ გააჩნია და ისინი საკუთარ კომფორტულ ზონაში თავს მშვენივრად გრძნობენ. ოპორტუნისტული დამოკიდებულება აქვთ, მათ არ ესაჭიროებათ აქ ნაბიჯები. არის რესურსები, რომ მათ გაიგონ…შეიძლება… ის კი არა რომ აგრესიულები გავხადოთ, უბრალოდ ვანახოთ სხვა ევროპულ ქვეყნებს, რომ ევროკავშირს არ გააჩნია ერთიანი პოზიცია და ძალიან ბევრს არ გააჩნია მყარი პოზიციები ევროკავშირში,”-აღნიშნა ზორან მილანოვიჩმა.

ცნობისთვის,  ხორვატიის რესპუბლიკის პრეზიდენტი, ზორან მილანოვიჩი, საქართველოს ოფიციალური ვიზიტით მეუღლესთან,   და თანმხლებ დელეგაციასთან ერთად 11 თებერვალს ეწვია.   ამასთან, ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ხორვატიის რესპუბლიკის პრეზიდენტის შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი კობახიძესთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან, შალვა პაპუაშვილთან.