პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი დღეს, 16 თებერვლის სხდომაზე რამდენიმე საკანონმდებლო პაკეტს განიხილავს.
ცნობისთვის, დაგეგმილია ცვლილებების შეტანა 7 კანონში, როგორიცაა – “გრანტების შესახებ“ კანონი, “სისხლის სამართლის კოდექსი“, “ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსი“, “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“, “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონი და “სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ კანონი.
,,გრანტების შესახებ “კანონში დაგეგმილი ცვლილებებით ფართოვდება “გრანტის” ცნება. გრანტად მიიჩნევა ნებისმიერი პირის მხრიდან ფულადი, ან ნატურალური ფორმით გადაცემული სახსრები, რომელიც შეიძლება მოხმარდეს საქმიანობას, რომელიც მიმართულია ქვეყნის პოლიტიკის შეცვლისკენ ან უცხო ქვეყნის ინტერესების გატარებისკენ. ასეთი გრანტის მიღება პირს მხოლოდ საქართველოს მთავრობის წინასწარი ნებართვით შეეძლება.
- პარლამენტის ფრაქცია “საქართველოსთვის” წევრის, გიგა ფარულავას განცხადებით, აღნიშნულ კანონპროექტს მათი პარტიის მხარდაჭერა არ ექნება – ,,როგორც კომიტეტის მოსმენაზე, ასევე სესიაზე გვქონდა ჩვენი შენიშვნები, კითხვები, რომლებზეც პასუხები ვერ მივიღეთ. ფაქტია, არაფერი გვაქვს საწინააღმდეგო გამჭვირვალობასთან, მაგრამ ეს კანონპროექტი არ ემსახურება გამჭვირვალობას – სულ სხვა მიზნით და იდეით არის ინიცირებული. მათ კონკრეტულ კითხვებზე პასუხები არ აქვთ. შესაბამისად, ჩვენი მხარდაჭერა ამ კონკრეტულ კანონპროექტს არ ექნება,”- განაცხადა გიგა ფარულავამ.
- პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ქვეყნის გარედან საქართველოში პოლიტიკა არ უნდა ფინანსდებოდეს – ,,კონკრეტული ადამიანები ცდილობენ ხვრელების პოვნას არსებულ კანონმდებლობაში და ასეთი გზით, საქართველოში პოლიტიკური პროცესების დაფინანსებას. რა თქმა უნდა, ქვეყნის გარედან საქართველოში პოლიტიკა არ უნდა ფინანსდებოდეს და ზუსტად ამ იდეას ემსახურება იმ კანონპროექტების პაკეტი, რომელიც დაინიცირდა პარლამენტში და რომელსაც იღებს საქართველოს პარლამენტი,”- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
კონსტიტუციური ორგანოების არაღიარების მოწოდება სისხლის სამართლის წესით დასჯადი ხდება.
- პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის განცხადებით, აღნიშნული კანონმდებლობა საქართველოს დაიცავს ექსტრემიზმისგან. ,,ჩვენ ვართ ჩვენი სუვერენიტეტის დაცვის რეჟიმში, თავდაცვის რეჟიმში ვართ. ჩვენი მიზანი არ ყოფილა, ეს ნაბიჯები გადაგვედგა, თვითონ გვაიძულეს, რომ ეს ნაბიჯები გადაგვედგა. კანონის ჩარჩოებში მოქცეულიყვნენ, კანონის შესაბამისად ემოქმედათ და არაფერი ასეთი გასაკეთებელი არ იქნებოდა. ეს იქნება კანონმდებლობა, რომელიც საქართველოს დაიცავს ექსტრემიზმისგან და ის არანაირად არ უნდა იყოს კონფლიქტში გამოხატვის თავისუფლებასთან. დარწმუნებული ვარ, რომ ამ კანონმდებლობით ეს მიღწეული იქნება,”- განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.
- ,,ქართული ოცნების” თავმჯდომარის პირველი მოადგილის თქმით, მთავარი ამოცანაა, რომ ქვეყანაში ექსტრემიზმი, რადიკალიზმი და ფაშიზმი დასრულდეს. ,,ამ ჩანაწერის ერთადერთი მიზანია, რომ ექსტრემიზმი, რადიკალიზმი და ფაშიზმი საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ დამარცხდეს. სხვადასხვა ფორმით, ეს კანონი არსებობს სხვადასხვა ქვეყანაში. რა თქმა უნდა, ჩვენ ჩვენი ფორმულირება მივუსადაგეთ ჩვენს ქვეყანას, ჩვენი ქვეყნის კანონმდებლობას. მთავარი ამოცანაა, რომ ექსტრემიზმი, რადიკალიზმი და ფაშიზმი საქართველოში უნდა დასრულდეს,”- განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.
- ,,მათ რეალურად უნდათ, რომ ნებისმიერი სამოქალაქო აქტივობა დაუქვემდებარონ მთავრობის ნებართვას და ის კომპლექსები, რაც აქვთ მათ აღიარება არ აღიარების ნაწილში, გამოაცხადონ დანაშაულად. სხვა მეტი არაფერი არ არის,” – ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია “საქართველოსთვის” წევრმა, გიგა ფარულავამ განაცხადა.