„ჩვენ ვიწყებთ წყლის ჭავლში შერეული ნივთიერების შედეგად დაზიანებული ადამიანების სახელით სამართალწარმოებას. სამართალწარმოების პირველი ნაბიჯი არის სწორედ საქართველოს გენერალურ პროკურატურაში ოფიციალური განცხადების წარდგენა. ამ განცხადებაში ჩვენ ვასაბუთებთ არა მარტო ინდივიდუალურ გარემოებებს კონკრეტულ პირებთან მიმართებით, რომლებიც დაზიანდნენ და რა სახის დაზიანებას უჩივიან, არამედ ვასაბუთებთ, ზოგადად, წყლის ჭავლში ქიმიური ნივთიერების შერევის პრაქტიკის უკანონობას საქართველოს კანონმდებლობით და ამ უკანონობის შესწავლის აუცილებლობას, მათ შორის სისხლის სამართლის კოდექსის ფარგლებში.

ვითხოვთ გამოძიების შესახებ სრულ ინფორმაციას, პირების დაზარალებულად ცნობას და ამის შემდეგ ყველა ნაბიჯს თანმიმდევრულად გავყვებით. ჩვენ მოგვმართა 7-მა ადამიანმა, რომელთაც სურთ ამ საქმეზე სამართალწარმოება.

ჩვენ ყველა ნაბიჯს თანმიმდევრულად გავყვებით. თუკი ვერ შევძლებთ, რომ სამართალი ვიპოვოთ ქვეყნის შიგნით, ასევე გამოვიყენებთ ყველა იმ საერთაშორისო სამართლებრივ პლატფორმას, სადაც საქართველო ანგარიშვალდებულია სხვადასხვა საერთაშორისო ხელშეკრულებით,”-ამის შესახებ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ხელმძღვანელმა, თამარ ონიანმა განაცხადა.

აღნიშნულ განცხადებას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

„კამიტი“ და „პირველი მსოფლიო ომის ქიმიური იარაღი“ სად გაქრა?“ – წერს შალვა პაპუაშვილი.