ისრაელის სამხედრო ავიაციამ თეირანის ცენტრში მასშტაბური იერიში მიიტანა

ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, სამხედრო ავიაციის სამიზნე ირანის რეჟიმთან დაკავშირებული სტრატეგიული ობიექტები გახდა. ისრაელის მხარე აცხადებს, რომ 28 თებერვალს სამხედრო-საჰაერო ძალებმა ფართომასშტაბიანი ოპერაციის შედეგად საჰაერო უპირატესობა მოიპოვეს და თეირანის მიმართულებით მოქმედების შესაძლებლობა მოიპოვეს.

ირანის ხელისუფლებამ ოფიციალურად დაადასტურა ქვეყნის სულიერი ლიდერის, ალი ხამენეის დაღუპვა. გავრცელებული ინფორმაციით, მასთან ერთად დაიღუპა დაახლოებით 40 მაღალი რანგის ოფიციალური პირი, მათ შორის შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსი, „რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ ხელმძღვანელი, თავდაცვის საბჭოს თავმჯდომარე და ირანის თავდაცვის მინისტრი.

ირანული მხარის ცნობით, აშშ-სა და ისრაელის ერთობლივი სამხედრო ოპერაციის დაწყების შემდეგ ქვეყანაში 200-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, ხოლო 700-ზე მეტი დაშავდა.

ირანი საპასუხო ზომებით იმუქრება  

ირანის ეროვნული უსაფრთხოების უმაღლესი საბჭოს მდივანმა, ალი ლარიჯანიმ განაცხადა, რომ ქვეყანა აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ შურისძიებას გეგმავს.

,,ამერიკელებმა ირანელ ხალხს გულში დანა ჩაარტყეს და ჩვენც მათ გულში დანით დავჭრით,“- განაცხადა ლარიჯანმა. მისი თქმით, ირანის შეიარაღებული ძალების პასუხი „გაცილებით ძლიერი“ იქნება.

ლარიჯანის განცხადებით, ირანმა რეგიონის ლიდერები დაარწმუნა, რომ მათთან ომის დაწყებას არ აპირებს, თუმცა გააგრძელებს ახლო აღმოსავლეთში არსებული ამერიკული სამხედრო ბაზების სამიზნედ ქცევას.

ირანის პრეზიდენტმა, მასუდ პეზეშკიანმა განაცხადა, რომ უზენაესი ლიდერის მკვლელობა მუსლიმური სამყაროს, განსაკუთრებით კი შიიტების წინააღმდეგ ომის გამოცხადებას ნიშნავს.

„ირანის ისლამური რესპუბლიკის უმაღლესი პოლიტიკური ავტორიტეტისა და მსოფლიოში შიიზმის გამოჩენილი ლიდერის მკვლელობა აღიქმება, როგორც მუსლიმების, განსაკუთრებით კი შიიტების წინააღმდეგ ომის ღია გამოცხადება მთელ მსოფლიოში. ირანის ისლამური რესპუბლიკა თავის კანონიერ მოვალეობად და უფლებად მიიჩნევს, შური იძიოს ამ ისტორიული დანაშაულის მონაწილეებისა და ორგანიზატორების მიმართ,”-აღნიშნა ირანის პრეზიდენტმა.

აშშ-ის პრეზიდენტის განცხადება

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ თუ ირანი დარტყმებს გააგრძელებს, შეერთებული შტატები „ძალიან ძლიერ პასუხს“ გასცემს.

„ირანმა განაცხადა, რომ  ძლიერ დარტყმებს განახორციელებენ, ყველაზე ძლიერს, ვიდრე ოდესმე. მათ ურჩევნიათ, ეს არ გააკეთონ, რადგან თუ ასე მოიქცევიან, ჩვენ დავარტყამთ ისეთი ძალით, რომლის მსგავსიც არასდროს უნახავთ,”- წერს ტრამპი სოციალურ ქსელში. 

ამასთან, დონალდ ტრამპი   ირანის უზენაესი  ლიდერის  აიათოლა ალი ხამენეის დაიღუპას   გამოეხმაურა.   „აიათოლა ალი ხამენეი, ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ბოროტი ადამიანი, მკვდარია,”- წერს ტრამპი.  

ვითარება რეგიონში

ცნობისთვის, აშშ-მა და ისრაელმა ირანის წინააღმდეგ ერთობლივი სამხედრო ოპერაცია 28 თებერვალს დაიწყეს. 1 მარტს ისრაელმა განაცხადა, რომ ირანზე დარტყმების ახალი ტალღა დაიწყო.

პარალელურად,  აფეთქებების ხმა ისმოდა  კატარში, დუბაისა  და მანამაში. გარცელებული ინფორმაციით, სამიზნე გახდა დუბაის აეროპორტიც,სადაც  დაზიანდა ინფრასტრუქტურა და დაშავდა აეროპორტის ოთხი თანამშრომელი.

ირანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო (IRNA), თეირანის პროვინციის წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებაზე დაყრდნობით, იუწყება, რომ მხოლოდ ბოლო 24 საათში თეირანში 60 თავდასხმა განხორციელდა, რის შედეგადაც 57 ადამიანი დაიღუპა.

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ისრაელის საჰაერო ძალებმა ირანის დედაქალაქ თეირანზე დარტყმების ახალი ტალღა განახორციელა.

თეირანიდან გავრცელებული ინფორმაციით, კვირა დილით ქალაქის რამდენიმე უბანში აფეთქებები მოხდა. სოციალურ მედიაში ვრცელდება ფოტოები, სადაც დედაქალაქის სხვადასხვა რაიონიდან ამომავალი კვამლის ღრუბლები ჩანს.