• ისრაელის შეტევა: განადგურებულია ხამენეის რეზიდენცია, 200+ სამხედრო თვითმფრინავი – 500 სამიზნე

  • გავრცელდა ინფორმაცია აიათოლა ხამენეის დაღუპვაზე – ირანი არ ადასტურებს

  • ირანის პასუხი: “შეტევა გაგრძელდება, სანამ აგრესორი არ დაისჯება”

  • დასავლეთის რეაქცია – საფრანგეთი, გერმანია და დიდი ბრიტანეთი კონფლიქტის დეესკალაციისკენ მოუწოდებენ

  • კანადა მხარს უჭერს აშშ-ის მოქმედებებს ბირთვული იარაღის აღსაკვეთად

  • ერდოღანი: რეგიონი ცეცხლის რკალშია – დიპლომატიას შანსი უნდა მიეცეს

ისრაელის სამხედრო ოპერაციის ფარგლებში, 200-მდე თვითმფრინავმა დილიდან  დაბომბა ირანის 24 პროვინციაში განლაგებული დაახლოებით 500 სამხედრო სამიზნე. შეტევა მოიცავდა ბალისტიკური რაკეტების გამშვებებს, საჰაერო თავდაცვის სისტემებსა და სამხედრო ინფრასტრუქტურას. განსაკუთრებით ძლიერ დარტყმებს დასავლეთ ირანი და თავრიზის რაიონი დაექვემდებარა – სადაც განლაგებული იყო რაკეტების დანაყოფები, რომლებიც, ისრაელის ცნობით, მზად იყვნენ საპასუხო იერიშისთვის.

“ეს ყველაზე მასშტაბური შეტევაა ირანზე”, – აცხადებენ ისრაელის თავდაცვის ძალები.

Sky News ირანულ მედიაზე დაყრდნობით იტყობინება, რომ ამ თავდასხმებს შედეგად მოჰყვა 201 ადამიანის დაღუპვა და 747-მდე დაშავებული.

ხამენეის ბედი – ლიკვიდაციის ეჭვები და ირანის უარყოფა

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ ყველა ნიშანი მიუთითებს ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის დაღუპვაზე. მისი თქმით, ხამენეის რეზიდენცია განადგურებულია და ისრაელის თავდაცვის ძალებმა წარმატებით ჩაატარეს მაღალი რანგის მიზნობრივი ლიკვიდაცია.

„ეს ტირანი ჩვენთან აღარ არის“, – თქვა ნეთანიაჰუმ და ირანელ ხალხს მოუწოდა, „არ გაუშვან ეს შესაძლებლობა ხელიდან და რეჟიმი თავად დაამხონ“.

Reuters-ის ცნობით, ერთ-ერთმა ისრაელმა მაღალჩინოსანმა სააგენტოს ანონიმურად დაუდასტურა, რომ ხამენეის ცხედარი ნაპოვნია. თეირანი ამ ინფორმაციას არ ადასტურებს.

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ესმაილ ბაგაიმ განაცხადა, რომ პრეზიდენტი და უზენაესი ლიდერი „უსაფრთხოდ და ჯანმრთელად არიან“ და „სახელმწიფო სისტემა ფუნქციონირებს.“

ირანის პასუხი – „შეტევა გაგრძელდება“

CNN ირანულ წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება, რომ ირანი გეგმავს იერიშების გაგრძელებას მანამ, სანამ „აგრესორი არ დაისჯება.“

წყაროს ცნობით, თეირანი ხანგრძლივი ომისთვის მომზადებულია და თავდაცვითი და სარაკეტო შესაძლებლობებს მნიშვნელოვანი ზიანი არ მიუღია.

საერთაშორისო რეაქცია – დასავლეთისა და რეგიონის დამოკიდებულება

კანადა

კანადის პრემიერ-მინისტრმა მარკ კარნიმ სრულად დაუჭირა მხარი აშშ-ის მოქმედებებს, რომელთა მიზანიც ირანის ბირთვული პროგრამის შეჩერებაა.

„ირანი ახლო აღმოსავლეთის დესტაბილიზაციისა და ტერორის მთავარი წყაროა. არასდროს უნდა ჰქონდეს ბირთვული იარაღის მოპოვების უფლება,“ – განაცხადა კარნიმ.

თუმცა, აღნიშნა, რომ კანადა არ მონაწილეობს სამხედრო ოპერაციაში.

საფრანგეთი, გერმანია და დიდი ბრიტანეთი

სამი ევროპული ქვეყანა ერთობლივ განცხადებაში აცხადებენ, რომ მკაცრად გმობენ ირანის მიერ სპარსეთის ყურეში განხორციელებულ საპასუხო დარტყმებს, თუმცა ასევე აცხადებენ, რომ არ იღებენ მონაწილეობას აშშ-ისა და ისრაელის ოპერაციაში.

„ირანის ბირთვული და ბალისტიკური პროგრამები დაუყოვნებლივ უნდა შეჩერდეს. აუცილებელია დაბრუნება მოლაპარაკებების მაგიდასთან“, – წერია განცხადებაში.

თურქეთი

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა აღნიშნა, რომ აშშ-ისა და ისრაელის შეტევები ირანის სუვერენიტეტს არღვევს და რეგიონს ცეცხლის რკალში აქცევს.

„თუ დიპლომატიას შანსი არ მიეცემა, რეგიონი სისხლისღვრის მუდმივ საფრთხეში იქნება“, – განაცხადა ერდოღანმა და მოუწოდა ისლამურ სამყაროს აქტიურ ჩარევას და ცეცხლის შეწყვეტის მიღწევას.