• ისრაელის საჰაერო ძალებმა ბოლო დღის განმავლობაში დასავლეთ და ცენტრალურ ირანში 200-ზე მეტ სამიზნეს დაარტყეს. ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალები ავრცელებს. მათივე  ცნობით, სამიზნეებს შორის იყო ბალისტიკური რაკეტების გამშვები მოწყობილობები, საჰაერო თავდაცვის სისტემები და იარაღის წარმოების ობიექტები. თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ისრაელის საჰაერო ძალების ათობით თვითმფრინავმა სამიზნეების თავზე უამრავი ბომბი ჩამოაგდო.
  • აშშ-მა ოპერაცია „ეპიკური მრისხანების“ ფარგლებში ირანში 6 000 სამიზნეს დაარტყა, – ამის შესახებ აღნიშნულია მონაცემებში, რომელსაც აშშ-ის ცენტრალური სარდლობა აქვეყნებს. აშშ-ის ცენტრალურ სარდლობაში აცხადებენ, რომ ამ სამიზნეებს შორის იყო 60-მდე გემი და 30 დამნამღმველი ხომალდი, რომლებიც განადგურდნენ ან დაზიანდნენ. სამიზნეებს შორის ასევე იყო სამეთაურო ცენტრები, იარაღის წარმოების ობიექტები, ბალისტიკური რაკეტების ცენტრები, წყალქვეშა ნავები და ირანის საჰაერო თავდაცვის სისტემები. 
  • საუდის არაბეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ქვეყნის ძალებმა გაანადგურეს დრონი, რომლის სამიზნეც ერ-რიადის დიპლომატიური კვარტალი იყო. უწყების ცნობით, „მტრული დრონი“ დიპლომატიურ კვარტალთან მიახლოების მცდელობისას ჩამოაგდეს. საუდის არაბეთის სხვა ადგილებში, დაახლოებით იმავე პერიოდში, კიდევ სამი დრონი გაანადგურეს. ცნობისთვის, ერ-რიადის დიპლომატიურ კვარტალში უცხო ქვეყნების საელჩოებია განთავსებული.
  • ,,სპარსეთის ყურის ქვეყნები ირანის მხრიდან ახალ თავდასხმებს იგერიებენ, დუბაის ცენტრში აფეთქებების ხმები ისმოდა,” – ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. დუბაის მთავრობის მედია ოფისის ცნობით, მოგერიებული თავდასხმის შედეგად ჩამოვარდნილმა ნამსხვრევებმა ქალაქის ცენტრში მდებარე შენობა მცირედ დააზიანა. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. 
  • ომანში დრონის ჩამოვარდნის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას ომანის სახელმწიფო მედია ავრცელებს. მათივე ცნობით, დრონი ალ-ავაჰის სამრეწველო ზონაში ჩამოვარდა, რის შედეგადაც ორი უცხოელი დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა. მეორე დრონი კი, სოჰარის ღია ტერიტორიაზე ჩამოვარდა, თუმცა არავინ დაშავებულა. ომანის სახელმწიფო მედიის ცნობით, ქვეყნის ხელისუფლება ორივე ინციდენტს იძიებს.
  • ,,ჩრდილოეთ ისრელში, არაბულ ქალაქ ზარზირში ირანის სარაკეტო შეტევის შედეგად 60-მდე ადამიანი დაშავდა,” – ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ერთი ადამიანის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, დანარჩენები კი მსუბუქად არიან დაშავებულები. ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ზარზირში ირანის ბალისტიკური რაკეტის ჩამოვარდნის გარემოებებს იძიებენ. შიდა ფრონტის სარდლობა ადგილზე სამძებრო-სამაშველო სამუშაოებს ახორციელებს.

საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის განცხადებით, ერაყის ერბილის რეგიონში დრონებით თავდასხმის შედეგად ერთი ფრანგი ჯარისკაცი დაიღუპა, რამდენიმე კი დაშავდა. მაკრონის თქმით, რეგიონში ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ მებრძოლ ფრანგულ ძალებზე თავდასხმები მიუღებელია.