ახლო აღმოსავლეთში სამხედრო დაძაბულობა კვლავ გრძელდება.  აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ-მა ირანის ხარგის კუნძულზე ყველა სამხედრო სამიზნე გაანადგურა.

„ჩემი ბრძანებით, აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ ახლო აღმოსავლეთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი დაბომბვა განახორციელა და ირანის ძვირფას მარგალიტზე – ხარგის კუნძულზე – ყველა სამხედრო სამიზნე სრულიად გაანადგურა,”-წერს ტრამპი Truth Social-ზე. 

პრეზიდენტის თქმით, მისი ბრძანებით ამერიკის ცენტრალურმა სარდლობამ კუნძულის ნავთობის ინფრასტრუქტურა არ გაანადგურა, თუმცა,როგორც ტრამპი აღნიშნავს, თუ ირანი ან სხვა ვინმე გააკეთებს ისეთ რამეს, რაც ხელს შეუშლის გემების თავისუფალ და უსაფრთხო გადაადგილებას ჰორმუზის სრუტეში, ის ამ გადაწყვეტილებას დაუყოვნებლივ გადახედავს.

ცნობისთვის, ხარგის კუნძული ირანისთის მნიშვნელოვანი სტრატეგიული ობიექტია, სადაც თეირანის მთავარი ნავთობტერმინალი მდებარეობს, რომლის გავლითაც ექსპორტზე ირანის ნედლი ნავთობის დაახლოებით 90% გადის.

 ოპერაცია ,,ეპიკური მრისხანება”

თეთრი სახლის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ოპერაცია ,,ეპიკური მრისხანების” ფარგლებში ირანის სამხედრო შესაძლებლობები მნიშვნელოვნად შემცირდა.

„ოპერაცია „ეპიკური მრისხანება“: ბალისტიკური რაკეტებით თავდასხმები 90%-ითაა შემცირებული; დრონებით თავდასხმები 95%-ითაა შემცირებული; 6 000-ზე მეტი სამიზნეა დაბომბილი; 90-ზე მეტი ირანული გემია განადგურებული; ირანის ბალისტიკური რაკეტების მთელი პოტენციალი ფუნქციურად განადგურებულია; ირანის საზღვაო ფლოტი ბრძოლისთვის არაეფექტურადაა შეფასებული; უდიდესი საჰაერო დომინაციაა ირანზე,” – ნათქვამია განცხადებაში. 

აშშ რეგიონში დამატებით სამხედრო ძალებს აგზავნის

CNN წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ აშშ ახლო აღმოსავლეთში საზღვაო ქვეითების ქვედანაყოფს აგზავნის, რომელიც დაახლოებით 2500 სამხედრო მოსამსახურისა და მეზღვაურისგან შედგება. ამ ეტაპზე უცნობია, თუ რა მიზნით გამოიყენებენ აღნიშნულ საზღვაო ქვეითთა ქვედანაყოფს.

,,მათი იქ ყოფნა მეთაურებს გაუთვალისწინებელი სიტუაციებისთვის დამატებით შესაძლებლობებს აძლევს,”- განუცხადა გამოცემას ერთ-ერთმა ამერიკელმა ოფიცალურმა პირმა.

ირანის საპასუხო დარტყმები

პარალელურად ირანი რეგიონში საპასუხო დარტყმებს აგრძელებს. The Wall Street Journal ამერიკელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს, რომ ირანის მიერ საუდის არაბეთის ავიაბაზაზე დარტყმის შედეგად აშშ-ის საწვავის შემავსენებლი ხუთი თვითმფრინავი დაზიანდა. დარტყმა რამდენიმე დღის წინ საუდის არაბეთში, პრინც სულთანის ავიაბაზაზე განხორციელდა. ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა გამოცემასთან საუბრისას აღნიშნეს, რომ არც ერთი ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე არ დაღუპულა და ამ ეტაპზე, აღნიშნული თვითმფრინავების შეკეთების პროცესი მიმდინარეობს.  მომხდართან დაკავშირებით აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადა.

ამავე დროს, 13 მარტს დასავლეთ ერაყში ამერიკული KC-135 ტიპის საწვავის შემავსებელი სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა. აშშ-ის ცენტრალური სარდლობის ცნობით, ეკიპაჟის ექვსივე წევრი დაიღუპა. 

  „ინციდენტში ორი თვითმფრინავი მონაწილეობდა. ერთი დასავლეთ ერაყში ჩამოვარდა, ხოლო მეორე უსაფრთხოდ დაეშვა. ეს მტრის ან მეგობრული ცეცხლით გამოწვეული არ ყოფილა“, – აღნიშნა აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ.

სარაკეტო შეტევა აშშ-ის საელჩოზე ბაღდადში

Reuters ერაყის უსაფრთხოების წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ერაყში აშშ-ის საელჩოზე სარაკეტო დარტყმა განხორციელდა. წყაროების ცნობით, თავდასხმის შემდეგ ერაყის დედაქალაქ ბაღდადში მდებარე აშშ-ის საელჩოს შენობის თავზე კვამლი დააფიქსირეს.

 Associated Press-ის ინფორმაციით, რაკეტა ვერტმფრენის ასაფრენ-დასაფრენ მოედანზე ჩამოვარდა, ხოლო „ფრანს-პრესი“ წერს, რომ თავდასხმა დრონით განხორციელდა.   

ევაკუაცია კატარში

კატარის შინაგან საქმეთა სამინისტრომ, უსაფრთხოებით მიზნით, ქვეყნის რამდენიმე რაიონიდან მოსახლეობის ევაკუაცია განახორციელა. ამ ეტაპზე უცნობია, კონკრეტულად რა საფრთხეზეა საუბარი. აღსანიშნავია, რომ ქვეყნის ხელისუფლების ცნობით, ღამისა და დილის განმავლობაში ორი რაკეტა ჩამოაგდეს.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ხელისუფლებამ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ირანმა რეგიონში ამერიკული ინტერესების მქონე ობიექტები „ლეგიტიმურ სამიზნეებად“ დაასახელა.

ადგილობრივმა მცხოვრებლებმა გადაუდებელი შეტყობინებები მიიღეს მოწოდებით, დაუყოვნებლივ დაეტოვებინათ მუშაირიბი, დოჰას ცენტრალური რაიონი, სადაც მდებარეობს Google-ისა და American Express-ის ოფისები.  ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ Microsoft-ის კატარის ოფისთან დამატებითი დაცვა განალაგეს.   სააგენტო „როიტერი“ იუწყება, რომ ნაწილობრივ ევაკუირებულია ის რაიონიც, სადაც ექვსი ამერიკული უნივერსიტეტის ადგილობრივი ფილიალებია განთავსებული.

„ჰამასის“ მოწოდება ირანისადმი

პალესტინურმა დაჯგუფებამ ,,ჰამასმა” განცხადება გაავრცელა, რომელშიც ირანის უფლებას ადასტურებს, რომ „აგრესიას საერთაშორისო ნორმების შესაბამისად უპასუხოს“.

თუმცა ორგანიზაცია თეირანს მოუწოდებს, თავი შეიკავოს მეზობელ ქვეყნებზე თავდასხმებისგან, რათა რეგიონში კონფლიქტი კიდევ უფრო არ გაფართოვდეს.