ახლო აღმოსავლეთში ვითარება კვლავ დაძაბულია. ისრაელი, ირანი და რეგიონული სახელმწიფოები ერთმანეთს სამხედრო მოქმედებებითა და განცხადებებით უპირისპირდებიან, პარალელურად კი საერთაშორისო საზოგადოება კონფლიქტის შესაძლო გაფართოებაზე საუბრობს.

ისრაელში აცხადებენ, რომ ღამის განმავლობაში ირანიდან სარაკეტო დარტყმების ხუთი ტალღა მოიგერიეს. გამოცემა Times of Israel-ის ცნობით, ირანიდან ნასროლი ყველა რაკეტა განადგურებულია და დაშავებულები არ არიან. საჰაერო განგაში ღამის განმავლობაში გამოცხადებული იყო თელ ავივსა და იერუსალიმში. 

გრძელდება სარაკეტო დარტყმები ლიბანის ტერიტორიიდანაც. ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალები ავრცელებენ. მათივე ცნობით, დაჯგუფება ,,ჰეზბოლას”შეტევის გამო საჰაერო იერიშის მანიშნებელი სიგნალი რამდენჯერმე ჩაირთო ისრაელის ცენტრალურ ნაწილში. Times of Israel ასევე წერს, რომ ლიბანიდან თელ ავივის მიმართულებით შორ მანძილზე მოქმედი რაკეტა გაისროლეს, რომელიც საჰაერო თავდაცვის სისტემამ ჩამოაგდო. 

დედაქალაქ ერ-რიადთან და აღმოსავლეთ რეგიონში 26 ირანული დრონი მოიგერიეს და გაანადგურეს,” – აღნიშნულის შესახებ BBC საუდის არაბეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს.

არაბთა გაერთიანებული საამიროებისა და კატარის ხელისუფლებებმაც განაცხადეს, რომ საჰაერო თავდაცვის სისტემებმა დრონები და რაკეტები მოიგერიეს. მედიის ცნობით, აფეთქებების ხმები, რომლებიც დუბაის მარინასა და ალ-სუფუჰის რაიონებში ისმოდა, სწორედ დრონების ჩამოგდებას უკავშირდებოდა.

დრონების მოგერიების შესახებ განაცხადა ქუვეითმაც. კერძოდ, ქვეყნის ეროვნულმა გვარდიამ, ბოლო 24 საათის განმავლობაში, ხუთი ირანული დრონი ჩამოაგდო.

ირანის მიერ გაშვებული ოთხი ბალისტიკური რაკეტისა და რამდენიმე დრონის მოგერიების შესახებ ავრცელებს ცნობებს კატარის თავდაცვის სამინისტროც.

ტრამპი ომის დასრულების ვადას არ ასახელებს

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ირანთან კონფლიქტის დასრულების კონკრეტული ვადის დასახელებაზე უარი თქვა. როგორც მან აღნიშნა, კონფლიქტი მაშინ დასრულდება, ,,როდესაც საკუთარ ძვლებში იგრძნობს.” ამავდროულად, იგი არ ფიქრობს, რომ ომი დიდ ხანს გაგრძელდება, თუმცა აღნიშნა, რომ მხოლოდ მან იცის, როდის დასრულდება კონფლიქტი.

ამასთან, მან უარყო ცნობები აშშ-ში საბრძოლო მასალების დეფიციტზე და განაცხადა, რომ ქვეყანას პრაქტიკულად შეუზღუდავი სამხედრო რესურსი აქვს.

ვაშინგტონი ირანთან შეთანხმებისთვის ჯერ მზად არ არის

აშშ-ის პრეზიდენტმა განახადა, რომ ამ ეტაპზე ირანთან შეთანხმებისთვის მზად არ არის. ტელეკომპანია NBC-სთან ინტერვიუში აღნიშნა, რომ შეთანხმების დასადებად მზად არის, თუმცა თავად ჯერ ამის სურვილი არ აქვს, რადგან ,,პირობები ჯერ საკმარისად კარგი არ არის.”

აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, შესაძლო შეთანხმების ერთ-ერთი მთავარი ნაწილი შესაძლოა იყოს ირანის მიერ ბირთვულ ამბიციებზე უარის თქმა.

მისივე თქმით, რამდენიმე ქვეყანამ უკვე გამოთქვა მზადყოფნა ჰორმუზის სრუტის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში ჩაერთოს. მათ შორის მან დაასახელა გაერთიანებული სამეფო, საფრანგეთი, ჩინეთი, იაპონია და სამხრეთ კორეა.

ტრამპის განცხადებით, აშშ-მა „სრულად გაანადგურა“ ირანის კუნძული ხარგი, სადაც ქვეყნის უდიდესი ნავთობტერმინალი მდებარეობს.

ირანი აცხადებს, რომ დარტყმა ემირატების ტერიტორიიდან განხორციელდა

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი, აბას არაღჩი აცხადებს, რომ აშშ-მა კუნძულ ხარგზე იერიში არაბთა გაერთიანებული საამიროების ტერიტორიიდან ,,ჰაიმარსის” რაკეტების გამოყენებით განახორციელა.

მისი თქმით, ერთ-ერთი შეტევა დუბაის სიახლოვეს მდებარე ლოკაციიდან განხორციელდა. არაღჩის განცხადებით, ირანი საპასუხო ნაბიჯებს გადადგამს, თუმცა შეეცდება, მჭიდროდ დასახლებულ ზონებს არ დაარტყას.

მისივე თქმით, ჰორმუზის სრუტე დახურულია მხოლოდ იმ ქვეყნების გემებისთვის, რომლებიც ირანსა და მის მოკავშირეებს უტევენ.

ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსი ნეთანიაჰუს ემუქრება

,,ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის” განცხადებით, ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ მათი სამიზნეა.

 „თუ ეს ბავშვების მკვლელი დამნაშავე ცოცხალია, მთელი ძალით გავაგრძელებთ მის დევნას და მოვკლავთ,”- აღნიშნულია ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის განცხადებაში, რომელსაც Sepah News-ი ავრცელებს.

თურქეთი ომის გაფართოების საფრთხეზე საუბრობს

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჰაკან ფიდანის განცხადებით, თუ კონფლიქტის დიპლომატიური დარეგულირება სწრაფად არ დაიწყება, რეგიონში ომი შესაძლოა გაფართოვდეს.

მისი თქმით, თუ ირანზე თავდასხმები გაგრძელდება და ირანი საპასუხოდ მეზობელ ქვეყნებს დაარტყამს, სიტუაცია შესაძლოა სრულიად უმართავი გახდეს.

ფიდანმა ასევე აღნიშნა, რომ თურქეთი კონფლიქტში ჩართვას არ აპირებს, თუმცა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში კომპრომისზე არ წავა.

აშშ მოქალაქეებს ერაყის დატოვებისკენ მოუწოდებს

აშშ-ის საელჩომ ბაღდადში ამერიკის მოქალაქეებს ერაყი დაუყოვნებლივ დატოვებისკენ მოუწოდა.

დიპლომატიური მისიის განცხადებით, ირანი და მასთან დაკავშირებული დაჯგუფებები ქვეყანაში საზოგადოებრივ უსაფრთხოებას სერიოზულ საფრთხეს უქმნიან. მანამდე, 14 მარტს, ბაღდადის „მწვანე ზონაში“ მდებარე აშშ-ის საელჩოზე თავდასხმა განხორციელდა, რის შედეგადაც დაზიანდა ვერტმფრენის დასაფრენი მოედანი.

 უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში ირანის მუქარას უპასუხეს 

ირანის პარლამენტის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ უკრაინა ისრაელისთვის გაწეული დახმარების გამო თეირანისთვის „ლეგიტიმური სამიზნეა“.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, გეორგი ტიხიმ, ამ განცხადებას მკაცრი პასუხი გასცა და აღნიშნა, რომ ირანის მუქარა სერიული მკვლელის ქცევას ჰგავს, რომელიც საკუთარ დანაშაულს ამართლებს.

მისი თქმით, ირანი წლებია რუსეთს აწვდის დრონებსა და ტექნოლოგიებს, რომლებიც უკრაინის წინააღმდეგ გამოიყენება.

ზელენსკი რუსეთსა და ირანს თანამშრომლობაში ადანაშაულებს

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთმა ირანს Shahed-ის ტიპის დრონები გადასცა, რომლებიც თეირანმა უკვე გამოიყენა ამერიკულ ბაზებსა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებზე თავდასხმებისთვის.

მისი თქმით, უკრაინის დაზვერვის ინფორმაციით, ეს დრონები რუსულ კომპონენტებს შეიცავს და მოსკოვი ირანს სადაზვერვო მონაცემებსაც უზიარებს.