აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ვაშინგტონი ირანთან კონტაქტზეა, თუმცა ეჭვი გამოთქვა, რომ თეირანი მზად იყოს კონფლიქტის დასასრულებლად  სერიოზული მოლაპარაკებებისთვის.  „ჩემი აზრით, ჩვენ, ფაქტობრივად, დავამარცხეთ ირანი. ვფიქრობ, მათ შეუძლიათ მცირედი წინააღმდეგობის გაწევა, მაგრამ დიდად არა. როგორც იცით, გავანადგურეთ მათი საჰაერო ძალები, საზღვაო ფლოტი, მათი საჰაერო თავდაცვა. მათ საერთოდ არ აქვთ საჰაერო თავდაცვა. ჩვენ მათი ხელმძღვანელობაც მოვიშორეთ ორჯერ თუ სამჯერ, შესაძლოა, სამჯერაც. ამას მალე გავიგებთ“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.  ამასთან, დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანს მოლაპარაკება სურს, თუმცა ტრამპი მიიჩნევს, რომ თეირანი ამისთვის ჯერ მზად არ არის.  მისივე თქმით, ირანს მცირე „საცეცხლე ძალა“ აქვს დარჩენილი. „მათი რაკეტების რაოდენობა, როგორც ხედავთ, ძალიან ცოტაა. იცით რატომ? მათ ამდენი რაკეტა არ აქვთ. ვინაიდან მათი წარმოების შესაძლებლობები გავანადგურეთ, დრონების რაოდენობაც მნიშვნელოვნად შემცირდა, დაახლოებით 20%-მდე, მაგრამ ჯერ კიდევ დარჩათ. ისინი საკმაოდ ძლიერები არიან, მაგრამ ჩვენ მათ ვურტყამთ. ვურტყამთ ადგილებს, სადაც დრონებს აწარმოებენ. ვფიქრობთ, ვიცით, უმეტესობა სად არის“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა და აღნიშნა, რომ არ იცის, საერთოდ სურს თუ არა ირანთან შეთანხმების დადება.