18 მარტს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველო და კიდევ 11 ქვეყანა (კამბოჯა, ეთიპოია, გრენადა, ლესოთო, მავრიკი, მონღოლეთი, მოზამბიკი, ნიკარაგუა, პაპუა-ახალი გვინეა, სეიშელები, ტუნისი) დაამატა იმ ქვეყანათა სიას, რომლის მოქალაქეებსაც სავიზო გირაოს გადახდა მოუწევთ გარკვეული მოკლე ვადიანი ვიზებისთვის.

საუბარია B1 (ბიზნესი) და B2 (ტურიზმი/სამედიცინო მკურნალობა) ტიპის ვიზებზე. სავიზო გირაოს რაოდენობა შესაძლოა იყოს $5 000, $10 000 ან $15 000, რაც დადგენილი იქნება საკონსულო გასაუბრების დროს.

აღინიშნება, რომ სავიზო გირაოს გადახდა ვიზის მიღების გარანტიას არ იძლევა.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, სავიზო გირაოს პროგრამის მიზანია მნიშვნელოვნად შეამციროს ვიზის მიმღებთა რაოდენობა, ვინც აშშ-ში ყოფნის ვადებს აჭარბებს და ქვეყანაში არალეგალურად რჩებიან.

საქართველოსა და კიდევ 11 ქვეყნის დამატებით, “მაღალი რისკის” ქვეყანათა რაოდენობა, რომლებზეც სავიზო გირაოს პროგრამა ვრცელდება, 50-მდე გაიზარდა.

შესაბამისი გადაწყვეტილება 2 აპრილიდან ამოქმედდება.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა

„აშშ-ის გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქეებისთვის არასაემიგრაციო ვიზების გაცემასთან დაკავშირებით საგარანტიო თანხის დაწესების თაობაზე, სამწუხაროდ უკავშირდება საქართველოს მოქალაქეების მხრიდან აშშ-ის სავიზო პოლიტიკის დარღვევების მაღალ მაჩვენებელს, რის თაობაზეც აშშ-ის მხარის მიერ იქნა განმარტებული.

ცნობილია პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციის მკაცრი საემიგრაციო პოლიტიკა, რაც აისახება კონკრეტულ ნაბიჯებში და ეს გადაწყვეტილებაც არის გამკაცრებული საემიგრაციო პოლიტიკის ნაწილი. შესაბამისად, მოვუწოდებთ საქართველოს მოქალაქეებს, მკაცრად დაიცვან აშშ-ის სავიზო რეგულაციები და არ დაარღვიონ მოქმედი სავიზო რეჟიმი, რაც მისცემს საქართველოს შესაძლებლობას გააგრძელოს მუშაობა ამერიკულ მხარესთან აღნიშნულ საკითხზე,”- აცხადებენ უწყებაში.