ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ისრაელის საჰაერო ძალებმა თეირანში შორ მანძილზე მოქმედი ფრთოსანი რაკეტების ორი საწარმო დაბომბეს. განცხადების მიხედვით, აღნიშნული ობიექტები ირანის თავდაცვის სამინისტროს კონტროლქვეშ იყო და მათ რეჟიმი ფრთოსანი რაკეტების წარმოებისთვის იყენებდა.

პარალელურად, საერთაშორისო მედიაში ვრცელდება ინფორმაცია შესაძლო სამშვიდობო შეთანხმების პირობებზე. გამოცემა Wall Street Journal-ის ცნობით, ირანი ცეცხლის შეწყვეტის წინაპირობად რამდენიმე მოთხოვნას აყენებს, მათ შორის — აშშ-ისა და ისრაელის მიერ განხორციელებული თავდასხმებისთვის რეპარაციებს, სპარსეთის ყურეში აშშ-ის სამხედრო ბაზების დახურვასა და ყველა სახის სანქციის მოხსნას. ასევე, თეირანი ითხოვს გარანტიებს, რომ ომი აღარ განახლდება და ისრაელი ლიბანში „ჰეზბოლას“ წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებებს შეწყვეტს.

ამასთან, წყაროების ინფორმაციით, ირანმა  შესაძლოა მოითხოვოსჰორმუზის სრუტეში გასვლისთვის გადასახადის დაწესება. ქვეყანა უარს აცხადებს ბალისტიკური სარაკეტო პროგრამის შეზღუდვაზე, ხოლო სავარაუდო შეთანხმება მის ბირთვულ პროგრამასაც არ შეეხება.

მანამდე სააგენტო Reuters-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ვაშინგტონმა თეირანს 15-პუნქტიანი გეგმა წარუდგინა, რომელიც კონფლიქტის დასრულებას ისახავს მიზნად. აღნიშნული გეგმის მიხედვით, ირანმა უნდა შეწყვიტოს ბირთვული პროგრამა, შეზღუდოს ბალისტიკური რაკეტების განვითარება და უარი თქვას რეგიონში პროქსი ძალების მხარდაჭერაზე.

ამავე საკითხზე Sky News-ისა და სხვა წყაროების ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ შეთავაზებული გეგმა ითვალისწინებს ირანის სრულ ბირთვულ განიარაღებას, ბირთვული მასალების ამერიკისთვის გადაცემას და საერთაშორისო კონტროლის გაძლიერებას. გეგმის თანახმად, უნდა გაუქმდეს ძირითადი ბირთვული ობიექტები, მათ შორის ნატანზის, ისპაჰანისა და ფორდოუს ინფრასტრუქტურა, ხოლო ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მიეცეს სრული წვდომა შესაბამის მონაცემებზე.

გარდა ამისა, თეირანმა უნდა შეწყვიტოს „ჰეზბოლასა“ და „ჰუსიტების“ მხარდაჭერა, ასევე შეამციროს სარაკეტო შესაძლებლობები და გამოიყენოს ისინი მხოლოდ თავდაცვითი მიზნებისთვის. ჰორმუზის სრუტე კი საერთაშორისო საზღვაო მოძრაობისთვის ღია უნდა დარჩეს.

შეთავაზების სანაცვლოდ, ირანისთვის სანქციების მოხსნა და სამოქალაქო ბირთვული ენერგიის განვითარების მხარდაჭერაა გათვალისწინებული, მათ შორის – ბუშერის პროექტში საერთაშორისო დახმარება.