ვითარება ახლო აღმოსავლეთში – ისრაელის მიერ სამხრეთ ლიბანზე განხორციელებულ დარტყმებს 17 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაღუპულებს შორის ექვსი სირიელია. დაშავებულია 20-ზე მეტი ადამიანი. თითქმის ორი საათის განმავლობაში უწყვეტად მიმდინარეობდა თავდასხმები ირანზეც. ისრაელის სამხედრო ძალების ცნობით, თეირანში სამიზნე სამთავრობო ინფრასტრუქტურა იყო. ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერის განცხადებით, ისრაელმა ირანის ბირთვული პროგრამა მნიშვნელოვნად დააზიანა და ქვეყანას ბირთვული იარაღი არ ექნება. ერაყის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე ქალაქ კირკუკზე განხორციელებულ დარტყმას კი ერაყის სახალხო მობილიზაციის ძალების სამი მებრძოლი ემსხვერპლა, ექვსი კი დაშავდა. ყოფილი პარამილიტარული კოალიცია, რომელიც ამჟამად ერაყის რეგულარული შეიარაღებული ძალების ნაწილია, თავდასხმაში აშშ-სა და ისრაელს ადანაშაულებს. ირანული მხარის ინფორმაციით, ქვეყანაში აშშ-ისრაელის ერთობლივი სამხედრო დარტყმების შედეგად 230-ზე მეტი ბავშვი დაიღუპა და 1800-ზე მეტი დაშავდა.