1955 წლის 1 დეკემბერს ამერიკის სამხრეთში მდებარე ქალაქ მონტგომერიში მომხდარმა ფაქტმა ამერიკის ისტორიაში დიდი ცვლილება გამოიწვია. ავტობუსის ერთ-ერთი მგზავრი როზა პარკსი კი ამ ამბის მთავარი გმირი აღმოჩნდა. მოგვიანებით პარკსი მოულოდნელი რევოლუციის მიზეზიც. 

მაშინ ამერიკაში მონობა აღარ არსებობდა, მაგრამ შტატების სამხრეთში აფროამერიკელები კვლავ მკაცრი სეგრეგაციისა და ძლიერი დისკრიმინაციის პირობებში ცხოვრობდნენ.

ქალაქის ავტობუსებში აფროამერიკელი მგზავრები უკანა ადგილებზე ისხდნენ, სხვები კი  წინ. თუ ავტობუსი გაივსებოდა, უკან მსხდომ მგზავრებს თავიანთი ადგილები უნდა დაეთმოთ. ასე იყო განსაზღვრული ადგილობრივი კანონით, თუმცა ერთ დღეს ეს კანონი მკერავმა ქალმა, როზა პარკსმა, დაარღვია, რამაც სრულიად შეცვალა ამერიკაში მცხოვრები აფროამერიკელი მოსახლეობის მომავალი. 

აღსანიშნავია, რომ ამ დღემდე როზა პარკსი წლების მანძილზე მგზავრობდა ავტობუსით და ყოველთვის იცავდა სეგრეგაციის წესებს, თუმცა 1955 წლის იმ დეკემბრის დღეს  სამუშაოდან განსაკუთრებით დაღლილი ბრუნდებოდა. როდესაც ავტობუსში ახალი მგზავრებისთვის ადგილი აღარ დარჩა  და მძღოლმა მას ფეხზე დადგომა მოსთხოვა, პარკსმა უარი განაცხადა. მძღოლმა მგზავრის დაუმორჩილებლობის გამო პოლიცია გამოიძახა – როზა პარკსი კი დააპატიმრეს. 

ამბის მთავარი გმირის  თქმით, თავიდან მისი უარის მოტივი უბრალოდ, დაღლილობა და გაღიზიანება იყო. მაგრამ რამდენიმე წამში გაიაზრა, რომ აღარ შეეძლო იმ შეურაცხყოფის ატანა, რომელსაც ის ყოველდღიურად განიცდიდა. პარკსმა მიიღო გააზრებული გადაწყვეტილება, რომ რასიზმს პირადად დაუპირისპირდებოდა.

მომხდარის შემდეგ პარსკმა ციხეში რამდენიმე დღე დაჰყო. სასამართლომ იგი სეგრეგაციის კანონის დარღვევის გამო დამნაშავედ ცნო. ჯარიმის სახით, 14 დოლარი გადაახდევინეს.

როზა პარკსის დაუმორჩილებლობის აქტი მონტგომერის აფროამერიკელი მოსახლეობისთვის მობილიზაციის საწინდრად იქცა. ამბავმა შთააგონა ახალგაზრდა მოძღვარი, მარტინ ლუთერ კინგი, რომელიც სამოქალაქო დაუმორჩილებლობის პირველ მასობრივ კამპანიას ჩაუდგა სათავეში და ქალაქის ავტობუსებს ბოიკოტი გამოუცხადა.

მონტგომერიში ავტობუსების მგზავრთა 75 პროცენტს კი სწორედ აფროამერიკელები შეადგრენდნენ. შემდეგი წლის განმავლობაში ავტობუსით მათგან თითქმის აღარავინ სარგებლობდა. სამსახურებში ფეხით ან საზიარო მანქანით დადიოდნენ. ამის გამო ავტობუსების კომპანიებმა მნიშვნელოვანი ფინანსური დანაკარგები განიცადეს.

1956 წლის ნოემბერში შეერთებული შტატების უზენაესმა სასამართლომ ავტობუსებში სეგრეგაცია არაკონსტიტუციურად გამოაცხადა – და ბოიკოტიც ამით დასრულდა.

როზა პარკსის სახელი ისტორიის სახელმძღვანელოებში შევიდა – სამოქალაქო უფლებებისთვის მოძრაობა კი შეერთებულ შტატებში მთელი სიმძლავრით დაიწყო.

 ავტობუსების ბოიკოტის კამპანიით საკუთარი ორგანიზატორული შესაძლებლობების გამოვლენის შემდეგ, მარტინ ლუთერ კინგი ამ მოძრაობის ლიდერი გახდა.