54 წლის განმავლობაში პირველად ოთხშაბათს NASA  მთვარის მიმართულებით ასტრონავტთა ექსპედიციას იწყებს.  მთვარის ზედაპირზე დაჯდომა ამჯერად არ იგეგმება: ექსპედიციის „Artemis-2“ ფარგლებში ოთხი ასტრონავტი მთვარეს შემოუვლის  და ათ დღეში დაუბრუნდება დედამიწას.

მთვარზე რამდენიმე დაშვება NASA-ს გეგმებშია 2028 წელსაც, რის შემდეგაც სააგენტო რეგულარულად გააგზავნის ექსპედიციებს  იქ მუდმივი ბაზის მოსაწყობად.

სამშაბათს, მომავალი ფრენის ბოლო ყოველდღიურ ბრიფინგზე, NASA-ს წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მზადება სრულად დასრულებულია.

თუ მეტეოროლოგიური პირობები გამოწვევებს არ შექმნის – მათ შორის – ღრუბლები, ძლიერი ქარი ან ტექნიკური პრობლემები  არ გაჩნდება – გიგანტური Space Launch System რაკეტა ხომალდ „Orion“-თან ერთად აფრინდება 1 აპრილს, 18:24 ადგილობრივი დროით.

თუ ფრენა ვერ განხორციელდება, NASA მზად არის ახალი ფრენებისთვის –  შესაძლებლობების ფანჯარა ამ მიზნით დარჩება ღია კიდევ ექვსი დღის განმავლობაში.

როგორც თეთრი სახლის კორესპონდენტი ბერნდ დებიუსსმან უმცროსი აღნიშნავს, წარმატების შემთხვევაში „Artemis“ პროგრამა გაზრდის ადმინისტრაციის პოლიტიკურ ქულებს, დროებით გააერთიანებს ამერიკელებს ქვეყნისთვის სიამაყის განცდით და შეიქმნება დამატებითი უპირატესობა შეერთებულ შტატებსა ჩინეთთან კოსმოსურ რბოლაში და, განსაკუთრებით, მთვარის  რესურსებისთვის შესაძლო ბრძოლაში.

მომავალში, NASA-ს გეგმების მიხედვით, მთვარის ბაზა უნდა იქცეს სტარტ პლატფორმად ადამიანის გაფრენისთვის მარსზე.

ამერიკელი ასტრონავტები პირველად  მთვარის ზედაპირზე 1969 წლის ივლისში დაეშვნენ, ხოლო ბოლო ექსპედიცია   1972 წელს განხორციელდა.

ამის შემდეგ მთვარისკენ დაბრუნების შესახებ საუბარი მრავალჯერ დაიწყო.

2017 წელს ტრამპმა ხელი მოაწერა დოკუმენტს სახელწოდებით  „კოსმოსური პოლიტიკის დირექტივა ნომერი ერთი“, რომელიც თავდაპირველად ითვალისწინებდა ასტრონავტების პირდაპირ მარსზე გაშვებას.

მისი მეორე საპრეზიდენტო ვადისთვის ყურადღება მთვარეზე გადავიდა.

გასულ წლის დეკემბერში ტრამპმა ხელი მოაწერა ინიციატივას, რომლის მიხედვითაც აშშ უნდა დაბრუნდეს მთვარეზე 2028 წელს და იქ მუდმივი ბაზა უნდა მოამზადოს  2030 წლისთვის.

შეგახსენებთ პირველი ექსპედიციების ეპოქაში, აშშ იბრძოდა  კოსმოსში პირველობისთვის საბჭოთა კავშირთან. დღეს მათი მთავარი კონკურენტი  ჩინეთია, რომელიც გეგმავს, უახლოეს წლებში თავად მიავლიონოს ექსპედიციები მთვარეზე.

ტრამპის უკანასკნელ კოსმოსურ ინიციატივაში ჩინეთი პირდაპირ კონკურენტად არ არის მოხსენიებული, თუმცა ჯარედ აიზეკმანი  ამ კონკურენციაზე ღიად საუბრობს:

„ჩვენ ვებრძვით ნამდვილ გეოპოლიტიკურ კონკურენტს, რომელიც წარმოადგენს გამოწვევას აშშ-ს პირველობისთვის კოსმოსში, — განაცხადა აიზეკმანმა 24 მარტს. — ამჯერად ჩვენი მიზანი არაა დროშების დადგმა ან ბილიკის დატოვება ზედაპირზე. ამჯერად ჩვენი მიზანი არის დარჩენა. ამერიკა არასოდეს დათმობს მთვარეს.

მთვარის კვლევის დაწყება მომავალში მნიშვნელოვანი ეკონომიკური სარგებლის მომტანიც შეიძლება გახდეს.

ამის შესახებ  NASA-ს ყოფილი ხელმძღვანელი შონ ო’კიფი  BBC-სთან ინტერვიუში საუბრობს:

„ წლების განმავლობაში გვეგონა, რომ მთვარე უბრალოდ მტვრის გროვა იყო, მაგრამ მოგვიანებით დავადგინეთ, რომ იქ არის მნიშვნელოვანი რაოდენობის ჰელიუმ-3,“ — აღნიშნა ო’კიფმა, განუმარტა, რომ ეს ჰელიუმის იზოტოპი მომავალში შეიძლება გამოყენებულ იქნას თერმობირთვული საწვავის სახით რეაქტორებში, რომლებიც  კომპაქტური და ხანგრძლივი ექსპლუატაციის მქონე იქნებიან.

მთვარეზე ასევე არსებობს იშვიათი მეტალები, როგორიცაა ლითიუმი, პლატინა და სხვა, რომლებიც მნიშვნელოვანია ელექტრონიკის წარმოებისთვის. ამჟამად ამ მეტალების ბაზარზე დომინირებს ჩინეთი, რაც ძალიან აწუხებს დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას.

ამჟამად უცნობია, რამდენად შეიძლება შეფასდეს მთვარის ყველა სასარგებლო რესურსი. ჰელიუმ-3, რომელიც დედამიწის ატმოსფეროში ძალიან იშვიათია, ამჟამად კილოგრამი დაახლოებით 20 მილიონი დოლარი ღირს.

 აშშ-ს სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის ანალიტიკოსი კლეიტონ სვოპი, აღნიშნავს, რომ „Artemis“ პროგრამის ერთ-ერთი მიზანი სწორედ ის არის, რომ უფრო ზუსტად დადგინდეს, რა სარგებელი შეიძლება მოიტანოს დედამიწის ბუნებრივმა  თანამგზავრმა.

„ჩვენ ჯერ ვერ ვწესებთ მთვარეზე ფასს დოლარებში, მაგრამ კონკურენციას და შეჯიბრს ჩინეთთან აქ ვერავინ გაექცევა,“ — განაცხადა მან BBC-სთან ინტერვიუში.