2007 წლის სექტემბერში ერთ ფრანგ არქეოლოგს ბედმა გაუღიმა. ის არლში, სამხრეთ საფრანგეთში, მდინარე რონის ფსკერზე ძველისძველ ნაშთებს ეძებდა, როდესაც ოსტატურად ნაქანდაკევ მარმარილოს თავს წააწყდა. ქანდაკების დანახვაზე ექსპედიციის ხელმძღვანელმა თავი ვერ შეიკავა და წამოიძახა: „ჯანდაბა, ეს ხომ კეისარია!“
ძველი წელთაღრიცხვით 44 წელს შეთქმულთა მიერ მოკლული იულიუს კეისარი მრავალი ხელოვანის, მათ შორის უილიამ შექსპირის შთაგონების წყაროდ იქცა. კლეოპატრასთან ერთად კეისარი ანტიკური სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ფიგურაა, მაგრამ როგორ გამოიყურებოდა იგი? კითხვა დიდი ხნის მანძილზე უპასუხოდ იყო დარჩენილი.
რონაში ნაპოვნი თავი ახლა ნამდვილი ღირსშესანიშნაობაა. აღმოჩენიდან 15 წლის განმავლობაში მას მრავალი გამოფენა და სატელევიზიო გადაცემა მიეძღვნა, ბოლოს საფოსტო მარკაზეც კი გამოსახეს.
ერთი ვერსიით, ქანდაკება კეისრის პატივსაცემად არლის ლოიალურად განწყობილმა მოსახლეობამ აღმართა, მაგრამ მისი მკვლელობის და პოლიტიკური კლიმატის შეცვლის შემდეგ სახიფათო ძეგლი მოიშორეს და მდინარეში გადააგდეს. 2 ათეული წლის შემდეგ ის არქეოლოგებმა აღმოაჩინეს.
ანტიკური მწერლების მტკიცებით, კეისარმა ძალაუფლების ნიშნად რომაული სამყარო საკუთარი ქანდაკებებით აავსო, მაგრამ როგორ განვასხვაოთ მისი პორტრეტი მუზეუმებში დაცული ასეულობით ათასი სხვა რომაული სკულპტურისგან?
საკითხს კიდევ უფრო ის ართულებს, რომ კეისრის ქანდაკების არც ერთ კანდიდატს სახელი არ აწერია. ყველა თანხმდება, რომ თუ მარმარილოს ქანდაკებაზე იულიუს კეისრის სახელია ამოტვიფრული, ესე იგი ის ყალბია. ერთადერთი საბუთი, რომლითაც კეისრის გარეგნობაზე შეგვიძლია ვიმსჯელოთ, მის მკვლელობამდე ცოტა ხნით ადრე მოჭრილი ვერცხლის მონეტებია. მონეტებზე გამოსახულ კაცს, რომელსაც აქვს სახასიათო, გამხდარი სახე, დანაოჭებული კისერი და თავზე დაფნის გვირგვინი ადგას. ბიოგრაფიის მიხედვით, რომელიც მისი სიკვდილიდან საუკუნენახევრის შემდეგ დაიწერა, დაფნის გვირგვინით კეისარი მელოტი თავის დაფარვას ცდილობდა. მონეტაზე არსებული პაწაწინა გამოსახულების მსგავსი ქანდაკების პოვნა არც ისე მარტივი აღმოჩნდა.
კეისრის სავარაუდო ქანდაკებების რიცხვი მოლოდინს აჭარბებს. მათ შორისაა „მწვანე კეისარი“ – ეგვიპტური ქანდაკება, რომელიც პრუსიის სამეფო ოჯახის ხელში გავლის შემდეგ ბერლინშია გამოფენილი. ქანდაკება კიდევ ერთი კანდიდატი იტალიელი ფაშისტის – ბენიტო მუსოლინის – საყვარელი მონუმენტური სკულპტურაა. მუსოლინი კეისარს საკუთარ იდეოლოგიურ წინაპრად მიიჩნევდა და ისე უყვარდა ეს ქანდაკება, რომ მისი ასლი იტალიის რამდენიმე ქალაქში დადგა, ორიგინალით კი რომის საკრებულოს სხდომათა დარბაზი დაამშვენა. ქანდაკება დღემდე საკრებულოში დგას და ურბანული დაგეგმარების დებულებებისა და საგზაო კონტროლის კანონების განხილვას ესწრება, თუმცა დღეს უკვე ვერ იპოვით სერიოზულ ისტორიკოსს, რომელიც მიიჩნევს, რომ ეს კეისრის ქანდაკებაა, ყოველ შემთხვევაში მის სიცოცხლეში შექმნილი ქანდაკება.
ამ სიმრავლეში კიდევ ერთი ქანდაკებაა ისეთი, რომელიც მდინარეში, ამჯერად მდინარე ჰუდსონის ფსკერზე იპოვეს 1925 წელს. არავინ იცის როგორ მოხვდა იქ, სავარაუდოდ, სიძველეებით დატვირთული გემიდან გადავარდა, ერთხანს ამ ქანდაკებას „ამერიკის პირად იულიუს კეისარს“ ეძახდნენ, მაგრამ საპატიო წოდება მან დიდხანს ვერ შეინარჩუნა. ახლა ის შვედეთის მუზეუმში ინახება და უცნობი რომაელის ქანდაკება ქვია.
მაგრამ კეისრის შოუს მთავარი ვარსკვლავი ორი ქანდაკებაა, რომლებიც XIX-XX საუკუნის განმავლობაში ითვლებოდა კეისრის პორტრეტებად. პირველი 1818 წელს ბრიტანელმა კოლექციონერმა იტალიაში შეიძინა და ახლა ის ბრიტანეთის მუზეუმის საკუთრებაა. თავდაპირველად მას უცნობი რომაელის ქანდაკებად თვლიდნენ, მაგრამ დანაოჭებული კისრის, ადამის ვაშლის და ჩაცვენილი ლოყების გამო 1840-იან წლებში იულიუს კეისრის პორტრეტად მიიჩნიეს და მუზეუმში გამოფინეს.
მრავალი ათწლეულის განმავლობაში კეისრის შესახებ დაწერილი თითქმის ყველა წიგნის ყდას სწორედ ეს ქანდაკება ამშვენებდა. მაგრამ ბიუსტის დიდების ხანა სკანდალით დასრულდა, როდესაც აღმოჩნდა, რომ ის ყალბი იყო. ეჭვები რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში გროვდებოდა, 1960-იანებში კი ის ოფიციალურად გამოაცხადეს ყალბად. აღმოჩნდა, რომ სიძველის ეფექტის შესაქმნელად ქანდაკებას ხელოვნური ბზარები და ლაქები ჰქონდა. ქანდაკების ავტორს მოდელად მონეტაზე გამოსახული კეისარი ჰქონდა აღებული, მაგრამ ბიუსტი XVIII საუკუნეში იყო დამზადებული. ის ახლა მუზეუმის მოგზაური ექსპოზიციის ნაწილია და დროდადრო იმ გამოფენებშიც მონაწილეობს, რომლებიც ცნობილ ფალსიფიცირებულ ექსპონატებს ეძღვნება.
კეისრის ქანდაკების კიდევ ერთი კანდიდატი დიდი ხნის განმავლობაში კულისებში ელოდა საკუთარი დიდების წუთებს. ის მოყვარულმა არქეოლოგმა ლუსიენ ბონაპარტმა, ნაპოლეონის უმცროსმა ძმამ აღმოაჩინა რომში, მაგრამ გაღარიბების შემდეგ ბონაპარტს ბიუსტის გაყიდვა მოუწია და ქანდაკებამ ტურინის შემოგარენში მდებარე სახლში დაიდო ბინა როგორც უცნობი მამაკაცის პორტრეტმა. თითქმის ორი საუკუნის შემდეგ, 1930-იან წლებში, იტალიელმა არქეოლოგმა, სავარაუდოდ, მუსოლინის საამებლად, ქანდაკება იულიუს კეისრის პორტრეტად გამოაცხადა. არქეოლოგის მტკიცებით, კეისრის თავის უცნაური ფორმა, რომელიც მოქანდაკის გამოუცდელობას შეიძლება მივაწეროთ, თავის ქალის თანდაყოლილ დეფორმაციას წარმოადგენდა. ცხადია, რომ ეს ვარაუდი ლოგიკურად გაუმართავია – ამ ქანდაკების გარდა არ არსებობს არცერთი მტკიცებულება, რომ კეისარს თავის ქალა დეფორმირებული ჰქონდა. ბიუსტს, მისი „ბრიტანელი ნათესავის“ მსგავსად, ხოტბა და დიდება არ მოკლებია და ზოგს იმის ილუზიაც გაუჩნდა, რომ კეისრის სამედიცინო დასკვნას უყურებდა.
მაგრამ დიდების კვარცხლბეკიდან ბოლოს ეს ბიუსტიც ჩამოვარდა. ზოგ ექსპერტს ეს ქანდაკება ფალსიფიკაციად მიაჩნია, ზოგი კი თვლის, რომ ის კეისრის პორტრეტი არ არის, მაგრამ ყველა თანხმდება იმაზე, რომ ბიუსტი უხეში და ტლანქი ნამუშევარია, რომელიც ხელოვნებათმცოდნეების თუ არქეოლოგების ყურადღებას არ იმსახურებს. დღეს ბევრი ფიქრობს, რომ ეს ქანდაკება, შეიძლება კეისრის რომელიმე ბიუსტის გვიანდელი რეპროდუქცია იყოს და არა ნატურიდან შექმნილი.