საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, წმინდა სინოდის მომდევნო სხდომა 24 აპრილს გაიმართება. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ, საპატრიარქოსთან განუცხადა.

მისივე თქმით, დღევანდელი შეხვედრა ძირითადად ორგანიზაციულ საკითხებს დაეთმო. კერძოდ, განისაზღვრა მომავალი სინოდის სხდომისა და გაფართოებული კრების ჩატარებასთან დაკავშირებული პროცედურები. ჩამოყალიბდა სამი კომისია — სამანდატო, ხმის დამთვლელი და სარედაქციო, ხოლო მათი შემადგენლობა დამატებით გადაწყდება.

ჯაღმაიძემ აღნიშნა, რომ პატრიარქის არჩევის პროცესი კომპლექსურია და განსაკუთრებულ ორგანიზებას საჭიროებს. მისი თქმით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ხმის დათვლის პროცესის გამჭვირვალობა, რადგან გაფართოებულ სხდომაზე დიდი რაოდენობით დელეგატი იქნება წარმოდგენილი და ყველა ეტაპი მკაფიოდ უნდა იყოს მოწესრიგებული, ყოველგვარი ორაზროვნების გარეშე. სწორედ ამიტომ, აუცილებელია წინასწარი შეთანხმებები და დეტალური მომზადება. ასევე დადასტურდა, რომ გაფართოებული სხდომა სამების ტაძარში გაიმართება.

მისივე ინფორმაციით, სწორედ 24 აპრილის სინოდის სხდომაზე უნდა შეირჩეს პატრიარქობის სამი კანდიდატი.

წმინდა სინოდის სხდომა, რომელზეც კანდიდატების შერჩევა მოხდება, ტარდება საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალებიდან 40 დღის შემდეგ. შერჩეული სამი კანდიდატი წარედგინება გაფართოებულ საეკლესიო კრებას, რომლის ჩატარების თარიღიც, სავარაუდოდ, სწორედ ამ სხდომაზე განისაზღვრება.

საქართველოს ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულების თანახმად, პატრიარქობის კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს: უნდა იყოს ქართველი ეროვნებით, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავარი, ჰქონდეს საღვთისმეტყველო განათლება და საეკლესიო მმართველობის სათანადო გამოცდილება; ასაკი უნდა იყოს არანაკლებ 40 და არაუმეტეს 70 წლისა; ასევე, კანდიდატი უნდა იყოს ბერი.