შინაგან საქმეთა სამინისტრომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან სადიგოვი ადმინისტრაციული წესით დააკავა. შსს-ს ცნობით, ის სოციალურ ქსელში პოლიციელის მიმართ შეურაცხყოფისთვის იქნა დაკავებული. სახდელის სახით მას შეეფარდა ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით, საქართველოდან გაძევება და ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა 3 წლის ვადით.
„სასამართლომ გაითვალისწინა შს სამინისტროს წარმომადგენლების პოზიცია და მხედველობაში მიიღო ის გარემოება, რომ აღნიშნული პირი 62-ჯერ იქნა გამოვლენილი სხვადასხვა ტიპის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე, მათ შორის შეკრება-მანიფესტაციის წესების დარღვევაზე, რისთვისაც მას ორჯერ უკვე მოხდილი აქვს ადმინისტრაციული პატიმრობა.
გარდა ამისა, სხვა ფაქტობრივ გარემოებებთან ერთად, გათვალისწინებულ იქნა აზერბაიჯანელი სამართალდამცველების ინფორმაცია აფგან სადიგოვის შესახებ უსაფრთხოების გამოწვევებთან დაკავშირებით.
დამატებით, საზოგადოების ინფორმირებისა და სპეკულაციების გამორიცხვის მიზნით, განვმარტავთ, რომ აზერბაიჯანის რესპუბლიკა ბოლო წლების განმავლობაში ითხოვდა მათ მიერ სისხლის სამართლის საქმეზე ძებნილი აფგან სადიგოვის ექსტრადირებას. იმის გამო, რომ, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქართველოს დაეკისრა დროებითი ღონისძიება, არ გადაეცა აფგან სადიგოვი აზერბაიჯანისათვის, ბუნებრივია, ქართული მხარე უარს აცხადებდა ხსენებულ სისხლის სამართლის საქმეზე აღნიშნული პირის ექსტრადიციაზე. ქართული მხარისთვის რამდენიმე დღის წინ ოფიციალური წყაროებით ცნობილი გახდა, რომ აზერბაიჯანის პროკურატურამ გამოიყენა დისკრეციული უფლებამოსილება და იმ სისხლის სამართლის საქმეზე, რომელზეც სტრასბურგის სასამართლოს გაცემული ჰქონდა დროებითი ღონისძიება, სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვიტა. შესაბამისად, საქართველოშიც შეწყვეტილია ყოველგვარი საექსტრადიციო პროცედურები.
ამავდროულად, სადიგოვმა ჩაიდინა ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, რომელიც სახდელის სახით, ჯარიმასთან ერთად, ითვალისწინებს საქართველოდან გაძევებას და ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვას, რაც მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიერ შეეფარდა ადმინისტრაციული წესით დაკავებულ პირს. შესაბამისად, აფგან სადიგოვი გაძევებულ იქნა თავის წარმოშობის ქვეყანაში და მას დაუწესდა საქართველოში შემოსვლის სამწლიანი აკრძალვა.
საქართველოში სრულად არის დაცული ადამიანის უფლებები და თავისუფლებები. ამავდროულად, სახელმწიფო მკაცრად იცავს ბალანსს ინდივიდუალურ უფლებებსა და სახელმწიფო უსაფრთხოების ინტერესებს შორის. კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფი და სამართალდამრღვევი პირები დაექვემდებარებიან კანონით განსაზღვრულ იმ ზომებს, რომლებიც სრულ შესაბამისობაშია კანონის უზენაესობის პრინციპთან,”-ამის შესახებ შსს-ს მიერ გავრცელებულ გაცხადებაშია აღნიშნული.
აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან სადიგოვის ადვოკატი, თამთა მიქელაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ „აფგან სადიგოვის საქმე არის პირველი შემთხვევა, როცა საქმეში ღიად და პირდაპირ იყო ჩართული საერთაშორისო სამართალი და საქართველოს სახელმწიფომ ის დაარღვია“.
„ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება დროებითი გამოყენების შესახებ ძალაშია, სანამ მას ევროპული სასამართლო თავად არ გააუქმებს და არ დარწმუნდება, რომ პირის უფლებების დარღვევის რისკები აღარ არსებობს.
ამიტომ აფგან სადიგოვის საქმე არის პირველი შემთხვევა, როცა საქმეში ღიად და პირდაპირ იყო ჩართული საერთაშორისო სამართალი და საქართველოს სახელმწიფომ ის დაარღვია.
ჩვენ გუშინ ღამითვე ვაცნობეთ ამ გადაწყვეტილების შესახებ ევროპულ სასამართლოს და ვთხოვეთ ახალი დროებითი ღონისძიების გამოცემა ამ საქმეზე საქართველოსთვის.
აფგან სადიგოვს ციხიდან გათავისუფლების შემდეგ მუდმივად უნდოდა საქართველოდან გასვლა. მაგრამ მას გადაადგილების შეზღუდვა დაუწესა სასამართლომ, საქართველოს პროკურატურის მოთხოვნით. მის ოჯახს პოლიტიკური თავშესაფარი აქვს ევროპაში და სწორედ ოჯახთან გაერთიანება იყო მისი სურვილი და ინტერესი.
ჰუმანიტარული ვიზის გაცემის პროცესი დაწყებული იყო, მაგრამ ის საქართველოდან გასვლის აკრძალვის გამო შეჩერებული იყო. ამ დღეებში სწორედ ეს პროცესი დაჩქარებულად უნდა დაწყებულიყო, აზერბაიჯანის მხრიდან ექსტრადიციის მოთხოვნის გაუქმების გამო.
მაგრამ, სასამართლომ ეს გარემოება მხედველობაში არ მიიღო და მხოლოდ იმის გამო, რომ თურმე აზერბაიჯანის ხელისუფლებას აფგან სადიგოვის პასპორტის დეაქტივირება მოუხდენია (სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტის შემდეგ, რატომ უნდა ყოფილიყო პასპორტი დეაქტივიტირებული ამის დასაბუთებაც არ წარმოადგინა შსს-მ), სადიგოვი პირდაპირ აზერბაიჯანში გააძევეს და ქვეყნიდან ნებაყოფლობითი გასვლის უფლებაც არ მისცეს.
საქართველოსაც და აზერბაიჯანსაც შეეძლოთ, რომ მისთვის უბრალოდ თავი დაენებებინათ, მაგრამ მათ რევანშის სპეცოპერაცია დაგეგმეს და ყველაფერი გააკეთეს ერთი ადამიანის გასანადგურებლად.
ჩვენ არ ვიცით ამ დრომდე სად არის აფგან სადიგოვი და რა ბედი ელის აზერბაიჯანში. როგორც კი გავიგებთ ამ ინფორმაციას, მოგაწვდით.
დარწმუნებული ვარ, ამ საქმეზე ევროპული სასამართლოს და მინისტრთა კომიტეტის რეაგირება უმკაცრესი იქნება,”- წერს მიქელაძე სოციალურ ქსელში.