ირანსა და აშშ-ს პაკისტანის მიერ შემუშავებული წინადადებები გადაეცათ, რომლებიც ორ ქვეყანას შორის საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტას ითვალისწინებს – იუწყებიან მედია საშუალებები. შემოთავაზებული ორფაზიანი შეთანხმების მიხედვით, ცეცხლის შეწყვეტა შესაძლოა დაუყოვნებლივ ამოქმედდეს რაც შესაძლებელს გახდიდა გახსნილიყო ჰორმუზის სრუტე.
ირანი აცხადებს, რომ გეგმას სწავლობს, თუმცა არ დათანხმდება სრუტის გახსნას დროებითი ზავის სანაცვლოდ. თეთრი სახლის წარმომადგენელმა BBC-ს განუცხადა, რომ აღნიშნული წინადადება „ერთ-ერთია მრავალ იდეას შორის“ და დონალდ ტრამპს ის ჯერ არ დაუმტკიცებია. მისი თქმით, ირანის წინააღმდეგ ოპერაცია გრძელდება.
მანამდე ირანელმა ოფიციალურმა პირებმა სააგენტო Reuters-ს უთხრეს, რომ თეირანი ისწრაფის მუდმივი ცეცხლის შეწყვეტისკენ, შესაბამისი გარანტიებით, რომ მომავალში აშშ-ისა და ისრაელის მხრიდან თავდასხმას აღარ დაექვემდებარება. წყაროების შეფასებით, ამ ეტაპზე შეთანხმების მიღწევის შანსები დაბალია.
ამ ფონზე, ისრაელის თავდაცვის ძალებმა (IDF) განაცხადეს, რომ გაანადგურეს ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC) დაზვერვის ხელმძღვანელი მაჯიდ ჰადემი. მისი დაღუპვა ირანმაც დაადასტურა.
Reuters-ის ინფორმაციით, ირანსა და აშშ-ს გადაეცათ გეგმა, რომელიც შესაძლოა ორშაბათიდან ამოქმედდეს და ჰორმუზის სრუტეში საზღვაო მიმოსვლის აღდგენას შეუწყოს ხელი.
წყაროს ცნობით, პაკისტანმა შეიმუშავა ჩარჩო შეთანხმება, რომელიც მოიცავს ორ ეტაპს:
- დაუყოვნებლივ ცეცხლის შეწყვეტას
- შემდგომში ყოვლის მომცველი შეთანხმების გაფორმებას
პირველადი შეთანხმება უნდა გაფორმდეს ურთიერთგაგების მემორანდუმის სახით და საბოლოოდ ელექტრონულად შეთანხმდეს პაკისტანის მეშვეობით, რომელიც ამ ეტაპზე მოლაპარაკებების მთავარი საკომუნიკაციო არხია.
ამერიკული გამოცემა Axios-ის ცნობით, შუამავლები ცდილობენ ნდობის გამაძლიერებელი ზომების შემუშავებას – მათ შორის ჰორმუზის სრუტის გახსნისა და მაღალი გამდიდრების ურანის მარაგებთან დაკავშირებით. პარალელურად, განიხილება ის ნაბიჯებიც, რომლებიც ტრამპის ადმინისტრაციამ უნდა გადადგას, რათა ირანს მისცეს გარანტიები, რომ ზავი დროებითი არ იქნება.
მიუხედავად ამისა, წყაროები აღნიშნავენ, რომ უახლოეს 48 საათში შეთანხმების მიღწევის შანსები დაბალია.
ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა განაცხადა, რომ უწყებამ შუამავლებისთვის პასუხი უკვე მოამზადა.
სააგენტო IRNA-ს ინფორმაციით მან აღნიშნა, რომ 15-პუნქტიანი გეგმა, რომელიც აშშ-ს შუამავლების მეშვეობით გადაეცა, „კატეგორიულად მიუღებელია“ ირანისთვის.
მისი თქმით, კონფლიქტის დასრულებაზე მოლაპარაკებები შეუთავსებელია ულტიმატუმებთან და სამხედრო დანაშაულის მუქარებთან. ირანმა, თავის მხრივ, ჩამოაყალიბა საკუთარი მოთხოვნები, რომლებიც ქვეყნის ინტერესებზეა დაფუძნებული.
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაღჩიმ ფრანგ კოლეგასთან, ჟან-ნოელ ბაროსთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა, რომ თუ აშშ განახორციელებს დარტყმას ირანის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე, ამას მოჰყვება „მტკიცე და ყოვლისმომცველი პასუხი“.
რაც შეეხება ისრაელის მხარეს ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ ისრაელის არმიამ აიღო პასუხისმგებლობა მაჯიდ ჰადემის ლიკვიდაციაზე.
ისრაელის სამხედრო უწყების განცხადებით, ეს არის „კიდევ ერთი სერიოზული დარტყმა“ IRGC-სთვის.
ჰადემი აღნიშნულ თანამდებობაზე 2025 წლის 15 ივნისს დაინიშნა, მას შემდეგ, რაც მისი წინამორბედი მოჰამად ქაზემი ისრაელის დარტყმის შედეგად დაიღუპა.
მანამდე, 2024 წლის აგვისტოში, ჰადემი პარლამენტს მოუწოდებდა, პრიორიტეტად ექცია შიდა ინტერნეტ-ქსელის განვითარება, რაც მისი თქმით, აუცილებელი იყო ირანის კიბერ სუვერენიტეტის დასაცავად.
ამჟამად ირანში კვლავ მოქმედებს ინტერნეტის შეზღუდვა, რომელიც 28 თებერვალს დაწყებული ომის შემდეგ დაწესდა, თუმცა ქვეყნის შიგნით ზოგიერთი ვებგვერდი და აპლიკაცია კვლავ ხელმისაწვდომია.
ისრაელის თავდაცვის ძალებმა გააფრთხილეს ლიბანის დედაქალაქ ბეირუთის სამხრეთ გარეუბნების მცხოვრებლები.
IDF-ის წარმომადგენლის განცხადებით, ისრაელი აგრძელებს ოპერაციებს და ახორციელებს დარტყმებს აღნიშნულ ტერიტორიებზე.
კვირას ლიბანში სულ მცირე 11 ადამიანი დაიღუპა. ლიბანის ხელისუფლების მონაცემებით, 2 მარტის შემდეგ ისრაელის ავიაიერიშების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 1461-ს აღწევს.