ისრაელის საჰაერო ძალებმა თეირანსა და ირანის სხვა ტერიტორიებზე საჰაერო დარტყმების ფართომასშტაბიანი ტალღა განახორციელეს, ინფორმაციას გამოცემა The Times of Israel ქვეყნის თავდაცვის ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს. თავდაცვის ძალების ცნობით, დარტყმების სამიზნე ირანის რეჟიმის ინფრასტრუქტურული ობიექტები იყო.
ამავე დროს, ირანმა 12-საათიანი პაუზის შემდეგ ისრაელის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტა გაუშვა. შეტევის სამიზნე ქვეყნის სამხრეთი ნაწილი იყო, სადაც საჰაერო განგაშის სირენების ხმა ბეერ-შებასა და მიმდებარე დასახლებებში გაისმა. არსებული ინფორმაციით, შედეგად არავინ დაშავებულა.
პარალელურად ვრცელდება ინფორმაცია ირანის შიდა პოლიტიკური ვითარების შესახებაც. გამოცემა The Times-ის ცნობით, ირანის ახალი უზენაესი ლიდერი, მოჯტაბა ხამენეი, ქმედუუნაროა და მკურნალობას წმინდა ქალაქ ყუმში გადის. აღნიშნული ინფორმაცია ეფუძნება დიპლომატიურ ჩანაწერს, რომელიც, სავარაუდოდ, აშშ-ისა და ისრაელის სადაზვერვო მონაცემებს ეყრდნობა და სპარსეთის ყურის მოკავშირეებს გაუზიარეს. დოკუმენტის თანახმად, იგი მძიმე მდგომარეობაში იმყოფება და ვერ მონაწილეობს რეჟიმის გადაწყვეტილებების მიღებაში.
ამავე წყაროს მიხედვით, მოჯტაბა ხამენეი არის ლიკვიდირებული ყოფილი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის შვილი. ირანმა მარტში დაადასტურა, რომ ახალი ლიდერი ომის პირველივე დღეს იმავე საჰაერო თავდასხმის დროს დაიჭრა, რომლის დროსაც მისი ოჯახის რამდენიმე წევრი დაიღუპა. ომის დაწყების შემდეგ იგი საჯაროდ არ გამოჩენილა, მიუხედავად იმისა, რომ მარტის დასაწყისში მემკვიდრედ აირჩიეს.
მიმდინარე მოვლენების ფონზე, ისრაელის თავდაცვის ძალებმა ირანის მოსახლეობას სპეციალური გაფრთხილებით მიმართეს და მოუწოდეს, დროებით თავი შეიკავონ მატარებლით გადაადგილებისგან. სპარსულ ენაზე გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ უსაფრთხოების მიზნით მოქალაქეებმა ირანის დროით 21:00 საათამდე ქვეყნის მასშტაბით მატარებლით მგზავრობა უნდა შეზღუდონ.
ამასთან, ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ისრაელ კაცმა, განაცხადა, რომ ქვეყნის თავდაცვის ძალებს დაევალათ „ირანის ტერორისტული რეჟიმის ეროვნულ ინფრასტრუქტურაზე სრული ძალით დარტყმების გაგრძელება.“