1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 37 წელი შესრულდა. 1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. დარბევის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა. პარლამენტის წინ შეკრებილი ათასობით მოქალაქე დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა.   1991 წლის 9 აპრილს მაშინდელმა უზენაესმა საბჭომ თარიღი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ გამოაცხადა. 

დილიდან  9 აპრილის მემორიალთან საქართველოს თავისუფლებისთვის დაღუპულთა ხსოვნის   პატივის მისაგებად მოქალაქეები,   პოლიტიკოსები და სხვადასხვა ქვეყნის დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები  მიდიან, მათ შორის   მემორიალთან    აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, ალან პერსელი იმყოფებოდა.  რუსთაველის გამზირზე, 9 აპრილის  მემორიალთან ევროკავშირის ელჩი საქართველოში, პაველ ჰერჩინსკი და გერმანიის ელჩი საქართველოში, პეტერ ფიშერიც  მივიდნენ.    

9 აპრილის მემორიალთან პრემიერ-მინისტრი,  პარლამენტის თავმჯდომარე,  პრეზიდენტი  და მინისტრთა კაბინეტის წევრები იმყოფებოდნენ. ხელისუფლების წარმომადგენლებმა მემორიალი გვირგვინებით შეამკეს.