აშშ-ის პირველი ლედი, მელანია ტრამპი კატეგორიულად უარყოფს გავრცელებულ ბრალდებებს მისი ახლო კავშირის შესახებ ჯეფრი ეპშტეინთან და მოითხოვს ამ საკითხზე საჯარო დისკუსიის დასრულებას. 2026 წლის 9 აპრილს, თეთრ სახლში ჟურნალისტებთან გამართულ შეხვედრაზე, მან აღნიშნა, რომ მტკიცებები, თითქოს სწორედ ეპშტეინმა გააცნო მას მომავალი მეუღლე, დონალდ ტრამპი, წარმოადგენს მისი რეპუტაციის მიზანმიმართული დისკრედიტაციის მცდელობას.

პირველი ლედის განცხადებით, მისი ურთიერთობა ეპშტეინთან ეპიზოდურ და ფორმალურ ხასიათს ატარებდა. მისი თქმით, დონალდ ტრამპი 1998 წელს ნიუ-იორკში გამართულ სოციალურ ღონისძიებაზე გაიცნო, ხოლო ეპშტეინს პირველად მხოლოდ 2000 წელს შეხვდა, უკვე ტრამპთან ერთად ყოფნის პერიოდში, სხვა წვეულებაზე. ამასთან, მან გავრცელებულ ცნობებს „ტყუილი“ უწოდა და ხაზი გაუსვა, რომ მათი ურთიერთობა არ გასცდენია შემთხვევით სოციალურ კონტაქტს.

მელანია ტრამპმა ასევე მკაფიოდ აღნიშნა, რომ არ ფლობდა ინფორმაციას ეპშტეინის უკანონო ქმედებების შესახებ და არ ყოფილა ჩართული მის საქმიანობაში არანაირი ფორმით.  ამავე კონტექსტში, მან უარყო ნაცნობობა ეპშტეინის თანამზრახველთან, გისლეინ მაქსველთან.

2002 წლით დათარიღებულ ელექტრონულ მიმოწერასთან დაკავშირებით, რომელიც მაქსველის საქმის მასალებში ფიგურირებს, პირველმა ლედიმ განმარტა, რომ აღნიშნული კომუნიკაცია იყო „ზრდილობიანი და ფორმალური ხასიათის“. წერილში, რომლის შინაარსიც მოიცავდა ფოტოს შეფასებასა და პალმ-ბიჩში ჩასვლის სურვილს, მისი თქმით, არ იკვეთება რაიმე სახის პირადი ან საქმიანი კავშირი ეპშტეინის გარემოცვასთან.

ამასთან, მელანია ტრამპმა წამოაყენა ინიციატივა აშშ-ის კონგრესში საჯარო მოსმენების გამართვის შესახებ, სადაც ეპშტეინის საქმეებთან დაკავშირებულ მსხვერპლებს შესაძლებლობა ექნებათ ფიცის ქვეშ მისცენ ჩვენებები. მისი განცხადებით, მნიშვნელოვანია, თითოეულ დაზარალებულს მიეცეს სივრცე საკუთარი ისტორიის საჯაროდ წარმოსაჩენად, რათა სიმართლე დოკუმენტურად დაფიქსირდეს კონგრესის არქივში. აღნიშნულ ინიციატივას მხარდაჭერა უკვე გამოუცხადა დემოკრატმა კონგრესმენმა რობერტ გარსიამ.

საკითხის სამართლებრივ კონტექსტში აღსანიშნავია, რომ მელანია ტრამპი წარსულშიც აქტიურად რეაგირებდა მსგავს ბრალდებებზე. მაგალითად, მან მილიარდი დოლარის სარჩელით დაემუქრა ავტორ მაიკლ ვოლფს მისი წიგნის –  ”ცეცხლი და მძვინვარება ”, გამოქვეყნების შემდეგ, სადაც გავრცელდა მტკიცება მისი ეპშტეინთან დაკავშირებული შუამავლობით გაცნობის შესახებ. მოგვიანებით, გამომცემლობა HarperCollins UK-მა და გამოცემა The Daily Beast-მა წაშალეს  ინფორმაცია და საჯაროდ მოიხადეს ბოდიში.

რაც შეეხება დონალდ ტრამპს, მან წარსულში დაადასტურა ეპშტეინთან ნაცნობობა და ერთ-ერთ ინტერვიუში მას „შესანიშნავი ბიჭიც“ უწოდა, თუმცა მოგვიანებით აღნიშნა, რომ მათ შორის ურთიერთობა შეწყდა, როდესაც ეპშტეინის ქცევის შესახებ უარყოფითი ინფორმაცია გახდა ცნობილი. ტრამპის თქმით, მან ეპშტეინი საკუთარი მამულიდანაც გააძევა მას შემდეგ, რაც მას „საძაგელ ტიპად“ აღიქვამდა. მიუხედავად იმისა, რომ ტრამპის სახელი არაერთხელ ფიგურირებს ე.წ. „ეპშტეინის ფაილებში“, საჯაროდ ხელმისაწვდომ მასალებში მისი მხრიდან უკანონო ქმედების დამადასტურებელი მტკიცებულება არ მოიპოვება.