აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებები დღეს პაკისტანის დედაქალაქ ისლამაბადში გაიმართება – მოლაპარაკებებზე აშშ-ის დელეგაციას ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი ხელმძღვანელებს. ასევე, დელეგაციის შემადგენლობაში აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლები, სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი არიან. ირანული მედიის ინფორმაციით, ქვეყნის დელეგაცია 71 ადამიანისგან შედგება, დელეგაციას პარლამენტის თავმჯდომარე მოჰამედ ბაგერ ღალიბაფი ხელმძღვანელობს. დელეგაციის შემადგენლობაშია საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩიც.
აშშ-თან მოლაპარაკებების დაწყებამდე ირანის დელეგაცია პაკისტანის პრემიერ-მინისტრს შეხვდება, – ინფორმაციას Associated Press-ი ირანულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს. ირანული სახელმწიფო მედიის ცნობით, ქვეყნის დელეგაცია პაკისტანის პრემიერ-მინისტრს, შეჰბაზ შარიფს დღეს შუადღისას შეხვდება. ირანის დელეგაციამ, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე მოჰამედ ბაგერ ღალიბაფი ხელმძღვანელობს, გუშინ საღამოს პაკისტანის არმიის მეთაურთან, ასიმ მუნირთან მოლაპარაკებები გამართა. ამასთან, პაკისტანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იმედი გამოთქვა, რომ აშშ და ირანი სამშვიდობო მოლაპარაკებებში კონსტრუქციულად ჩაერთვებიან.