გარემოს ეროვნული სააგენტო სანავიგაციო და მეტეოროლოგიური აღჭურვილობის შესყიდვას გეგმავს, რისთვისაც 1.4 მილიონი ევროს ღირებულების გამარტივებული შესყიდვაა გამოცხადებული.

პროექტი მიზნად ისახავს მყინვარულ ხეობებში მოსახლეობისა და ინფრასტრუქტურის დაცვას, მეწყრული და სხვა ბუნებრივი საფრთხეების ადრეული გამოვლენის სისტემების განვითარებით.

გეგმის მიხედვით, მონიტორინგის სისტემები დამონტაჟდება რამდენიმე ლოკაციაზე:

  • ონის მუნიციპალიტეტში, სოფელ გლოლაში (2026 წლის 15 ნოემბრამდე);
  • მესტიაში, სოფელ ჟაბეშში (2026 წლის 15 ნოემბრამდე);
  • ყაზბეგში, დაბა სტეფანწმინდაში (2027 წლის 15 ნოემბრამდე);
  • ახმეტაში, სოფელ დართლოში (2027 წლის 15 ნოემბრამდე).

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, კლიმატის ცვლილება და მყინვარების დეგრადაცია ზრდის მეწყრებისა და ღვარცოფების რისკს, განსაკუთრებით საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში. სწორედ ამიტომ, ადრეული გაფრთხილების სისტემების დანერგვა კრიტიკულად მნიშვნელოვანია.

სპეციალისტების შეფასებით, მეწყრული პროცესები ქვეყნისთვის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება. ამ საკითხმა განსაკუთრებით დიდი ყურადღება შოვის ტრაგედიის შემდეგ მიიპყრო, სადაც 32 ადამიანი დაიღუპა.