ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ახალი ხელმძღვანელი — ლევან ხარაბაძე — უწყების თანამშრომლებს ოფიციალურად წარუდგინა.

ლევან ხარაბაძე აღნიშნულ პოზიციაზე დანიშვნამდე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.

საგამოძიებო სამსახურში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ როგორც უწყების მოქმედი თანამშრომლები, ასევე ყოფილი ხელმძღვანელი — მიხეილ მაღლაკელიძე, და სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულების წარმომადგენლები. ღონისძიება სამუშაო ფორმატში გაიმართა და მიზნად ისახავდა ხელმძღვანელობის ცვლილების ოფიციალურად გაცნობას და სამომავლო ხედვების გაზიარებას.

ფინანსთა მინისტრმა ლევან ხარაბაძეს ახალ თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა. მისი განცხადებით, ახალი ხელმძღვანელი გამოირჩევა სამართალდამცავ ორგანოებში მუშაობის მნიშვნელოვანი გამოცდილებით და კარგად იცნობს საგამოძიებო სამსახურის სპეციფიკას. მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ ხარაბაძის ხელმძღვანელობით გაგრძელდება საფინანსო-ეკონომიკური დანაშაულის პრევენცია და ეფექტიანი გამოვლენა, რაც უწყების ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად რჩება.

თავის მხრივ, ლევან ხარაბაძემ მადლობა გადაუხადა მინისტრს გამოცხადებული ნდობისთვის და აღნიშნა, რომ მისთვის დიდი პასუხისმგებლობაა აღნიშნული პოზიციის დაკავება. მან ხაზი გაუსვა უწყების თანამშრომელთა პროფესიონალიზმსა და მაღალი პასუხისმგებლობის დონეს და განაცხადა, რომ სამსახური მომავალშიც გააგრძელებს დაკისრებული ფუნქციების ეფექტიან შესრულებას.

ინფორმაციას ავრცელებს საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.