რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ მორიგი მასშტაბური საჰაერო შეტევა განახორციელა. უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, გასული ღამის განმავლობაში რუსულმა ძალებმა უკრაინის მიმართულებით 656 უპილოტო საფრენი აპარატი და სხვადასხვა ტიპის 73 რაკეტა გაუშვეს.

უწყების ცნობით, უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა 729 საჰაერო სამიზნიდან 642 გაანადგურა, მათ შორის 40 რაკეტა და 602 დრონი.

განადგურებულ სამიზნეებს შორის იყო:

  • 11 ერთეული „ისკანდერ-М“-ის ტიპის ბალისტიკური რაკეტა;
  • 6 ერთეული Х-101 ტიპის ფრთოსანი რაკეტა;
  • 3 ერთეული „კალიბრის“ ტიპის ფრთოსანი რაკეტა;
  • 602 სხვადასხვა ტიპის უპილოტო საფრენი აპარატი.

უკრაინული მხარის ინფორმაციით, თავდასხმის მთავარი სამიზნე დედაქალაქი კიევი იყო. იერიშები ასევე განხორციელდა დნიპროს, ხარკოვის, ზაპოროჟიეს, პოლტავის ოლქისა და სხვა რეგიონების მიმართულებით.

საჰაერო ძალების ცნობით, დაფიქსირდა 30 ბალისტიკური რაკეტის, სამი ფრთოსანი რაკეტისა და 33 უპილოტო საფრენი აპარატის პირდაპირი დარტყმა 38 სხვადასხვა ლოკაციაზე. გარდა ამისა, ჩამოგდებული დრონების ნამსხვრევები 15 ლოკაციაზე ჩამოვარდა.

აღნიშნული იერიში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ საჰაერო თავდასხმად სახელდება, რომელიც რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ბოლო პერიოდში განახორციელა.