რუსულმა ძალებმა უკრაინის დედაქალაქ კიევზე სარაკეტო და დრონებით მასირებული შეტევა განახორციელეს. უკრაინული მედიის ინფორმაციით, თავდასხმას მსხვერპლი და მნიშვნელოვანი ნგრევა მოჰყვა.
კიევის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, დაღუპულია ოთხი ადამიანი, ხოლო 58 დაშავდა. შეტევის შედეგად ქალაქის სხვადასხვა რაიონში ხანძრები გაჩნდა, დაზიანდა საცხოვრებელი და ადმინისტრაციული შენობები, ასევე ავტომობილები.
კიევის მერის, ვიტალი კლიჩკო განცხადებით, სარაკეტო და დრონებით თავდასხმის შემდეგ დედაქალაქის რამდენიმე რაიონში ელექტროენერგიის მიწოდება შეფერხდა.
რუსეთის იერიშების სამიზნე გახდა ქალაქი დნიპროც. გავრცელებული ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა, 16 კი დაშავდა.
ამასთან, რუსულმა ძალებმა შეუტიეს ხარკოვის ორ რაიონს. თავდასხმის შედეგად დაშავდა 10 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი.
უკრაინაში საჰაერო თავდასხმები ბოლო პერიოდში კვლავ ინტენსიურ ხასიათს ატარებს, ხოლო ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში სამაშველო და საგანგებო სამსახურები დაზიანებული ობიექტების აღდგენისა და დაზარალებულთა დახმარების სამუშაოებს აგრძელებენ.