სომხეთში დღეს საპარლამენტო არჩევნები იმართება, სადაც საკანონმდებლო ორგანოს მეცხრე მოწვევის შემადგენლობა უნდა განისაზღვროს. 107-მანდატიან პარლამენტში უმრავლესობის მოსაპოვებლად 16 პარტია და 2 საარჩევნო ალიანსი იბრძვის.

არჩევნებში მონაწილეობენ პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი და მისი პარტია „სამოქალაქო კონტრაქტი“, „ძლიერი სომხეთის“ წარმომადგენელი, მილიარდერი სამველ კარაპეტიანი, „სომხეთის ალიანსი“ და მისი ლიდერი, სომხეთის ყოფილი პრეზიდენტი რობერტ ქოჩარიანი, ასევე გაგიკ წარუკიანის პარტია „სომხეთის კეთილდღეობა“.

საარჩევნო უბნები დილის 08:00 საათზე გაიხსნა და 20:00 საათზე დაიხურება.

ხმის მიცემის შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა, რომელმაც სომხეთ-რუსეთის ურთიერთობებში დაძაბულობის არსებობა უარყო.

„ვერ ვხედავ ვერანაირ დაძაბულობას; ეს ხელოვნური დაძაბულობაა. ჩვენი ურთიერთობები რუსეთთან ინსტიტუციურია და ურთიერთპატივისცემაზეა დაფუძნებული. სომხეთში მოქმედი ზოგიერთი ძალა ცდილობს დაძაბულობის შექმნას სომხეთ-რუსეთის ურთიერთობებში. ეს დაძაბულობა არ იქმნება იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ჩვენ ძალიან მჭიდრო ურთიერთობა გვაქვს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტთან“, – განაცხადა ფაშინიანმა.

ხმის მიცემის შემდეგ მედიასთან კომენტარი გააკეთა ასევე სრულიად სომეხთა კათოლიკოსმა გარეგინ II-მ.

„ჩემი არჩევანი გავაკეთე, რათა უფალმა შეინარჩუნოს სომხური სახელმწიფო ურყევი, დალოცოს ჩვენი ხალხი რთული განსაცდელების დასაძლევად და ძლიერი, უსაფრთხო, კანონმორჩილი სახელმწიფოს შესაქმნელად. უფალმა დაიცვას ჩვენი ქვეყანა. უფლის წყალობა იყოს ჩვენთან და მშვიდობა მოგვანიჭოს“, – განაცხადა გარეგინ II-მ.

არჩევნების პარალელურად, სომხეთის სამართალდამცავი ორგანოების განცხადებით, ბლოკ „ძლიერი სომხეთის“ მონაწილეობით ამომრჩევლის მოსყიდვის სავარაუდო სქემასთან დაკავშირებით რამდენიმე ადამიანი დააკავეს.

კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის კომიტეტის ცნობით, ეროვნული უსაფრთხოების სამსახურთან ერთად ჩატარებული ოპერაციის შედეგად დადგინდა, რომ ბლოკის პარლამენტის წევრობის კანდიდატმა ლორის პროვინციის რამდენიმე მაცხოვრებელს ქრთამი გადასცა არჩევნებში მისი პოლიტიკური ძალის სასარგებლოდ ხმის მიცემის სანაცვლოდ.

სამართალდამცავ უწყებას დაკავებულთა ზუსტი რაოდენობა არ დაუსახელებია. მათი ინფორმაციით, ჩატარდა ჩხრეკები და სხვა საგამოძიებო მოქმედებები, ასევე გამოქვეყნდა აუდიოჩანაწერი, რომელშიც, უწყების მტკიცებით, ეჭვმიტანილები სავარაუდო სქემის დეტალებზე საუბრობენ.