საქართველოში საგზაო მოძრაობის წესების დარღვევაზე, კერძოდ კი სიჩქარის გადაჭარბებაზე, ჯარიმების ახალი, დიფერენცირებული სისტემა ამოქმედდება. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, ფინანსური სანქციის ოდენობა პირდაპირ იქნება დამოკიდებული გადაცდომის ხარისხსა და მასშტაბზე.
დაგეგმილი ცვლილებების მიხედვით, თუ მძღოლი დასაშვებ სიჩქარეს მცირედით გადააჭარბებს, ის შედარებით დაბალი თანხით – 50 ლარით დაჯარიმდება. თუმცა, სიჩქარის გადაჭარბების მაჩვენებლის ზრდასთან ერთად, პროპორციულად გაიზრდება ჯარიმის ოდენობაც. შესაბამისად, უხეშ დარღვევებზე მძღოლებს გაცილებით მკაცრი ფინანსური პასუხისმგებლობა დაეკისრებათ.
როგორც შსს-ში განმარტავენ, აღნიშნული ცვლილებების მთავარი მიზანი საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების მაქსიმალური დაცვა და სამართალდარღვევებზე სამართლიანი და სწორი ადმინისტრირებაა. უწყებაში აღნიშნავენ, რომ სახელმწიფო გააგრძელებს აქტიურ მუშაობას, რათა თითოეული გადაცდომა დროულად გამოვლინდეს.
„დიფერენცირება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს, რომ მცირე ტიპის გადაცდომაზე დაბალი ჯარიმით მოხდეს რეაგირება, ხოლო მაღალი გადაჭარბების შემთხვევაში, უფრო მაღალი ჯარიმები დაწესდეს. ეს საშუალებას მოგვცემს, თითოეულ სამართალდარღვევაზე ეფექტურად მოვახდინოთ რეაგირება,“ – განაცხადა დარახველიძემ.
მთავრობის მოლოდინით, მსგავსი მიდგომა უზრუნველყოფს, რომ მძღოლებმა კანონით განსაზღვრული წესები უფრო ყურადღებით და განუხრელად დაიცვან.