აზერბაიჯანს მზად აქვს პროექტი, რომელიც აზერბაიჯანიდან სომხეთის გავლით ნახიჩევანამდე ელექტროგადამცემი ხაზების გაყვანას ითვალისწინებს, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ნახიჩევანში ადგილობრივ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.

ალიევის თქმით, დღეს აზერბაიჯანის ელექტროენერგიის ქსელი დაკავშირებულია რუსეთთან, ირანთან და საქართველოსთან, ასევე თურქეთთან საქართველოს გავლით.

„ამრიგად, სომხეთის გავლით ნახიჩევანამდე და იქიდან თურქეთსა და ევროპაში გამავალი ენერგეტიკული დერეფანი ასევე ხელს შეუწყობს სომხეთის ენერგეტიკული სისტემის სტაბილურობის უზრუნველყოფას კრიზისის შემთხვევაში. ამიტომ, რაც უფრო მალე განვახორციელებთ ამას, მით უკეთესი“, – განაცხადა ალიევმა.

მისივე თქმით, აზერბაიჯანი რეგიონში ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც ნავთობის, გაზისა და ელექტროენერგიის დიდი რესურსები აქვს.

„დღეს თუ ჩვენს რეგიონში მხოლოდ რამდენიმე ქვეყანაა, რომლებსაც ელექტროენერგიის მიწოდების პრობლემები არ აქვთ, აზერბაიჯანი მათ შორის პირველ ადგილზეა. ამა თუ იმ მიზეზით, რეგიონში ენერგეტიკული კრიზისია და ეს კრიზისი შესაძლოა, გაღრმავდეს რეგიონში მიმდინარე ომების, მზარდი რისკების, ენერგორესურსების ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული სატრანსპორტო ჯაჭვების შეფერხებების და სხვა ფაქტორების გამო. არ არის გამორიცხული, მომავალში ახალი, გაუთვალისწინებელი მოვლენები მოხდეს. ამიტომ, აზერბაიჯანის განსაკუთრებული როლი ამ მხრივ უდავოა. ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ, რომ ნახიჩევანის უწყვეტი და მდგრადი ენერგომომარაგება არასდროს შეფერხდეს“, – აღნიშნა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა.

ალიევმა ასევე განაცხადა, რომ აზერბაიჯანს სურს, ევროპულ ბაზარს გაზისა და ნავთობის გარდა, ელექტროენერგიაც მიაწოდოს.

„ჩვენს რეგიონში არ არსებობს სხვა ქვეყანა, რომელიც აზერბაიჯანის მსგავსად ყოვლისმომცველად იყოს მომარაგებული ენერგიით, იქნება ეს ნავთობისა და გაზის თუ ელექტროენერგიის თვალსაზრისით. მეზობელ ქვეყნებში ჩვენი ექსპორტის შესაძლებლობების გაფართოებით, ჩვენ ამავდროულად მოვიპოვებთ წვდომას ევროპის ბაზარზე, რადგან უკვე მივაღწიეთ ევროპას ჩვენი ნავთობითა და გაზით, მაგრამ ასევე გვსურს, ევროპის ბაზარს მივაღწიოთ ელექტროენერგიით. დღესდღეობით, ერთადერთი არსებული მარშრუტი საქართველოსა და თურქეთის გავლით გადის და იქიდან ევროპისკენ მიემართება. ჩვენ უნდა გავაფართოოთ ეს შესაძლებლობები. კერძოდ, შავი ზღვის ენერგეტიკული კაბელის პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება მზადაა. თუმცა, მეორე გადამცემი ხაზი მხოლოდ გააძლიერებს ჩვენს შესაძლებლობებს. უფრო მეტიც, როგორც ალბათ გახსოვთ, 2024 წლის ნოემბერში ყაზახეთისა და უზბეკეთის პრეზიდენტებთან ერთად შევთანხმდით კასპიის ზღვაზე წყალქვეშა ელექტროკაბელის გაყვანაზე და ხელი მოვაწერეთ შეთანხმებას“, – განაცხადა ალიევმა.

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ინტერვიუში ზანგეზურის დერეფანზეც ისაუბრა. მისი თქმით, დერეფნის გავლით 15 მილიონი ტონა ან მეტი ტვირთის გადაზიდვა დამატებით სამუშაო ადგილებს შექმნის და ეკონომიკურ აქტივობას გაზრდის.

„ზანგეზურის დერეფნით, 15 მილიონი ტონა ან შესაძლოა, მეტი ტვირთის გადაზიდვა, გაცილებით მეტ აქტივობას გამოიწვევს. შეიქმნება მეტი სამუშაო ადგილი, გაიზრდება ეკონომიკური აქტივობა და ნახიჩევანი, შემიძლია, ვთქვა, ერთ-ერთ შეუცვლელ სატრანსპორტო ცენტრად იქცევა“, – განაცხადა ალიევმა.

მისივე თქმით, ზანგეზურის დერეფნის იდეის თავდაპირველად წამოყენებისას აქცენტი ძირითადად სატრანსპორტო მიმართულებაზე კეთდებოდა, თუმცა დღეს პროექტს უფრო ფართო კონტექსტში განიხილავს.