საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ვირტუალური აქტივის მომსახურების არარეგისტრირებული პროვაიდერის მენეჯერი დააკავეს.
უწყების ინფორმაციით, დაკავება ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად განხორციელდა.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული საქართველოს ეროვნულ ბანკში სავალდებულო რეგისტრაციის გარეშე ახორციელებდა ათეულობით მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ვირტუალური აქტივების ტრანზაქციებს, მათ შორის, ვირტუალური აქტივისა და ნაღდი ფულის კონვერტაციას.
საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, აღნიშნული საქმიანობით ბრალდებული ხელს უწყობდა ქვეყანაში არაკონტროლირებადი საერთაშორისო ტრანზაქციების განხორციელებას.
საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში ამოღებულია კომპიუტერული ტექნიკა, ათეულობით საბანკო ბარათი, სხვადასხვა სახის დოკუმენტაცია, 83 903 აშშ დოლარი, 300 ევრო და 79 600 აშშ დოლარის ღირებულების კრიპტოვალუტა.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც 3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
უწყების ცნობით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს შესაბამისი ღონისძიებები დანაშაულებრივ საქმიანობაში ჩართული სხვა პირების დადგენისა და მხილების, ასევე გადასახადებისთვის თავის არიდებისა და შესაძლო უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტების გამოვლენის მიზნით.