სამართალდამცველებმა არასრულწლოვანი შვილების ტრეფიკინგის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

შსს-ის ცნობით, დაკავებული მამაკაცი არასრულწლოვან შვილებს თბილისში ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობის გამოყენებით მოწყალების თხოვნას აიძულებდა, შეგროვებულ თანხას კი თავად ისაკუთრებდა.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მამაკაცი არასრულწლოვან შვილებს ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობის გამოყენებით, თბილისში მოწყალების თხოვნას აიძულებდა, მათ მიერ შეგროვებულ თანხას კი თავად ისაკუთრებდა“, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

სამართალდამცველებმა მამაკაცი ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ბრალდებულის სახით დააკავეს.

შსს-ის ინფორმაციით, დაზარალებული არასრულწლოვნები სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს სერვისცენტრში არიან განთავსებული. მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე სეკუნდა მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.