საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ, პატიმრობაში მყოფ ირაკლი ღარიბაშვილს ახალი ბრალი წარუდგინეს. საქმე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას ეხება. ამის შესახებ გენერალურ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე გენერალური პროკურორის მოადგილემ ამირან გულუაშვილმა განაცხადა.
პროკურატურის ინფორმაციით, საქმე 2021-2024 წლებში თავდაცვის სამინისტროს საიდუმლო შესყიდვებს უკავშირდება. უწყების მტკიცებით, იმ პერიოდში პრემიერ-მინისტრის თანამდებობას ირაკლი ღარიბაშვილი, თავდაცვის მინისტრის თანამდებობას კი ჯუანშერ ბურჭულაძე იკავებდნენ.
გამოძიების ვერსიით, თავდაცვის სამინისტროს მიერ სამხედრო ჰოსპიტლისთვის სამედიცინო აპარატურისა და ინვენტარის შესყიდვის პროცესში არაკონკურენტული გარემო შეიქმნა, რის შედეგადაც სამი საიდუმლო შესყიდვის ფარგლებში საქონლისა და მომსახურების ღირებულება ხელოვნურად გაიზარდა.
პროკურატურის ცნობით, დაკავშირებულმა კომპანიებმა 11 499 705 ლარის რეალური ღირებულების მქონე სამედიცინო აპარატურა და ინვენტარი სამინისტროს 18 484 960 ლარად მიაწოდეს.
უწყების განცხადებით, შესყიდვებში მონაწილე ბიზნესმენმა ვასილ მხეიძეს დაახლოებით 10%, ჯამში 1.9 მილიონი ლარი გადასცა. პროკურატურის მტკიცებით, თანხიდან 1.5 მილიონი ლარი ჯუანშერ ბურჭულაძემ მიიღო, მათ შორის 750 ათასი ლარი ირაკლი ღარიბაშვილს გადასცა.
პროკურატურის შეფასებით, აღნიშნული ქმედების შედეგად სახელმწიფოს 6 985 255 ლარის ქონებრივი ზიანი მიადგა.
ირაკლი ღარიბაშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებითა და მესამე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით წარედგინა. აღნიშნული მუხლი სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ ჯგუფურად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას გულისხმობს და 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურის ცნობით, საქმეში ფიგურანტი სხვა პირები უკვე მსჯავრდებული არიან, მათ შორის, ჯუანშერ ბურჭულაძეს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.
უწყების განცხადებით, ღარიბაშვილის მიმართ სასამართლოსთვის მხოლოდ წინასასამართლო სხდომის განსაზღვრის შესახებ შუამდგომლობით მიმართავენ, რადგან ის სასჯელს სხვა სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილი განაჩენის საფუძველზე უკვე იხდის.