თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ირაკლი ღარიბაშვილისა და ყველა პატიმრის უსაფრთხოება და უფლებები საქართველოში დაცულია.

კალაძე ყოფილი პრემიერ-მინისტრისთვის ახალი ბრალის წარდგენასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ღარიბაშვილის მიერ რამდენიმე დღის წინ გაკეთებული განცხადებები, სავარაუდოდ, პრევენციულ ხასიათს ატარებდა.

„ძალიან სამწუხაროა და არასასიამოვნოა, როდესაც ყოფილ თანაგუნდელზე გიწევს საუბარი. ჩვენ რამდენიმე დღის წინ ვიხილეთ მისი მხრიდან გაკეთებული ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები. სავარაუდოდ, მას ჰქონდა ინფორმაცია იმ სხვადასხვა საკითხზე, რომელზეც მიმდინარეობდა გამოძიება და ალბათ, პრევენციული სახის განცხადება ჰქონდა“, – განაცხადა კალაძემ.

მისივე თქმით, ყოფილი პოლიტიკოსები ხშირად ცდილობენ სამართლებრივი საკითხების პოლიტიკურ ჭრილში გადატანას.

„ძალიან მიჭირს ამაზე საუბარი. ის ჩვენი ყოფილი თანაგუნდელია. ერთი რამ შემიძლია გითხრათ: ქვეყანაში როგორც ირაკლი ღარიბაშვილის, ისე ყველა პატიმრის უსაფრთხოება და უფლებები არის დაცული“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

ცნობისთვის, ირაკლი ღარიბაშვილს ახალი ბრალი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების საქმეზე წარედგინა. პროკურატურის ინფორმაციით, საქმე თავდაცვის სამინისტროს მიერ 2022 წელს განხორციელებულ სამ საიდუმლო შესყიდვას ეხება.

უწყების ცნობით, გამოძიებას ინფორმაცია ჯუანშერ ბურჭულაძის ნათესავმა, ვასილ მხეიძემ მიაწოდა, ასევე გამოძიებასთან ითანამშრომლა თავად ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ.

მანამდე ირაკლი ღარიბაშვილმა სოციალურ ქსელში განაცხადა, რომ მმართველმა პარტიამ მის წინააღმდეგ „ბინძური პროვოკაცია“ მოაწყო და მასზე ზეწოლა განხორციელდა. ყოფილი პრემიერი ასევე აცხადებდა, რომ ახალი ბრალის აღიარებას მას პოლიტიკური საქმიანობიდან ჩამოშორების მიზნით სთხოვდნენ.