„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მმართველი საბჭოს წევრი ლაშა ფარულავა აცხადებს, რომ ქართული არმიისა და სამხედროების ძარცვაზე პასუხისმგებლობა არა ყოფილ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და თავდაცვის ყოფილ მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძეს, არამედ ბიძინა ივანიშვილსა და „ქართულ ოცნებას“ ეკისრება.
ფარულავას განცხადებით, მმართველი პარტიის პირობებში ბიზნესის თავისუფლებაც აღარ არსებობს და ბიზნესმენები, მისი შეფასებით, ბიძინა ივანიშვილს „ხარკს უხდიან“.
„ჩვენ წლების განმავლობაში ქართული არმიის, ჯარისა და ჩვენი სამხედროების ძარცვაზე ვსაუბრობდით, რომელიც მოდის არა ღარიბაშვილისგან ან ბურჭულაძისგან, არამედ ბიძინა ივანიშვილისგან. ქართული არმიის ძარცვასა და ამ ელიტურ კორუფციაზე ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნებაა“ პასუხისმგებელი“, – განაცხადა ფარულავამ.
მისი თქმით, ბიზნესისგან „ხარკის“ შესაძლო აკრეფის საკითხი კიდევ უფრო მკაფიოდ მას შემდეგ გამოიკვეთა, რაც ეკონომიკის მინისტრის ყოფილმა მოადგილემ, რომეო მიქაუტაძემ ჩვენება მისცა.
ფარულავას განცხადებით, საჭიროა გამოიკვლიონ, ვინ იხდიდა აღნიშნულ თანხებს, ვინ აგროვებდა და საბოლოოდ სად მიდიოდა ისინი.
„აქ ჩნდება მთავარი კითხვა: ვინ იხდიდა ამ ფულს, ვინ აგროვებდა და საბოლოოდ სად მიდიოდა ეს თანხები? ეს არის ის კორუფციული წილი, რომელიც, ჩვენი შეფასებით, საბოლოოდ ფასებში აისახება და ხალხს ცხოვრებას უძვირებს“, – აღნიშნა მან.
ფარულავა სამართალდამცველებს საქმის სრულად გამჭვირვალედ გამოძიებისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ საზოგადოებისთვის უნდა გახდეს ცნობილი ყველა იმ ბიზნესმენის ვინაობა, რომელთა შესახებაც მიქაუტაძე საუბრობდა.
„ჩვენ ვითხოვთ სრულ გამჭვირვალობას, კონკრეტულ სახელებს და კონკრეტულ პასუხისმგებლობას“, – განაცხადა ფარულავამ.