აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო უკრაინას დამოუკიდებლობის 35-ე წლისთავს ულოცავს. შესაბამის განცხადებას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.

„ამერიკის შეერთებული შტატების სახელით, უკრაინელ ხალხს დამოუკიდებლობის 35-ე წლისთავს ვულოცავ. დღეს, 1991 წლის 24 აგვისტოს საბჭოთა კავშირისგან უკრაინის მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 35 წლის შემდეგ, აშშ კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენს ორ ქვეყანას შორის მტკიცე თანამშრომლობას“, – აღნიშნულია რუბიოს განცხადებაში.

მისივე თქმით, აშშ უკრაინის სუვერენიტეტის ერთგულია და რუსეთ-უკრაინის ომის მოლაპარაკებების გზით მოგვარების მხარდასაჭერად მუშაობს.

რუბიოს განცხადებით, მიზანი ისეთი შეთანხმების მიღწევაა, რომელიც ხანგრძლივ და მყარ მშვიდობას უზრუნველყოფს.

„დამოუკიდებლობის დღეს, როდესაც უკრაინელები თავიანთი ქვეყნის ისტორიას პატივს მიაგებენ და აღნიშნავენ საკუთარ სიმამაცეს, ინოვაციებსა და გამძლეობას, აშშ კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის მტკიცე ერთგულებას ჩვენი ეკონომიკური და უსაფრთხოების კავშირების განვითარებისა და ჩვენი ქვეყნების მშვიდობისკენ და კეთილდღეობისკენ წინსვლის მიმართ“, – აცხადებს მარკო რუბიო.