სომხეთი ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ ოფიციალური განაცხადის წარდგენის პროცესს უახლოეს მომავალში დაიწყებს. ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა პარლამენტში მთავრობის 2026-2031 წლების პროგრამის წარდგენისას განაცხადა.

ფაშინიანის თქმით, ევროკავშირში გაწევრიანების ან ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში დარჩენის საკითხზე რეფერენდუმის ჩატარებას აზრი მას შემდეგ ექნება, რაც სომხეთის ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადს შესაბამისი პასუხები მოჰყვება.

„სომხეთმა ჯერ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ ოფიციალური განაცხადი უნდა წარადგინოს. ეს პროცესი დიდ სამუშაოს მოითხოვს და ალბათ, ჩვენ ამ პროცესს უახლოეს მომავალში დავიწყებთ“, – განაცხადა ფაშინიანმა.

მისივე თქმით, ევროკავშირთან სომხეთის ურთიერთობების გაღრმავებამ რუსეთში გარკვეული შეშფოთება გამოიწვია, თუმცა, მისი შეფასებით, ამის მთავარი მიზეზი სომხეთ-რუსეთის ურთიერთობებში მიმდინარე ტრანსფორმაციაა.

ფაშინიანმა აღნიშნა, რომ ბოლო წლებში განვითარებულმა მოვლენებმა აჩვენა, რომ რუსეთის შესაძლებლობა, სომხეთის უსაფრთხოების გარანტის როლი შეასრულოს, შესაძლოა შეზღუდული იყოს.

„2021, 2022 და 2023 წლების მოვლენებმა აჩვენა, რომ საკუთარი უსაფრთხოების პრობლემების გამო, რუსეთის ფედერაცია შეიძლება ზოგჯერ ამ როლის შესრულების თვალსაზრისით მნიშვნელოვნად შეზღუდული იყოს“, – განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა.