პირველკლასელების მშობლებს სასკოლო ფორმის შეძენა 1-ელი სექტემბრიდან როგორც რეალიზაციის პუნქტებში, ისე ონლაინ ელექტრონული პლატფორმის – formebi.emis.ge-ის მეშვეობით შეეძლებათ.
ახალი პლატფორმა მედიის წარმომადგენლებს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველმა მოადგილე ლევან ღირსიაშვილმა და განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ხელმძღვანელმა გიორგი არსოშვილმა წარუდგინეს.
სამინისტროს ინფორმაციით, პლატფორმა მშობელს ან მოსწავლის კანონიერ წარმომადგენელს საშუალებას მისცემს, სასკოლო ფორმა ონლაინ შეიძინოს და შეკვეთა მითითებულ მისამართზე, სახლიდან გაუსვლელად მიიღოს. გზავნილის მიტანასა და მომხმარებლისთვის ჩაბარებას საქართველოს ფოსტა უზრუნველყოფს.
პლატფორმაზე მომხმარებლები სასკოლო ფორმების მოდელების, ფასებისა და ზომების შესახებ ინფორმაციას გაეცნობიან. ასევე, ხელმისაწვდომი იქნება საბანკო შეთავაზებები და რეალიზაციის პუნქტების ზუსტი მისამართები.
სასკოლო ფორმების ონლაინ პლატფორმის გამართულ ფუნქციონირებასა და მართვას განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა (EMIS) უზრუნველყოფს.