სუს-ის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი მისთვის წარდგენილ არცერთ ბრალს არ აღიარებს და საპროცესო შეთანხმების გაფორმების თაობაზე პროკურატურისთვის არ მიუმართავს. ამის შესახებ პროკურორმა მარიამ ბერძენიშვილმა სასამართლო სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, დღევანდელ სასამართლო პროცესზე პროკურატურა გრიგოლ ლილუაშვილის ბრალდების საქმეზე მტკიცებულებების გამოკვლევას დაასრულებს.
„ბრალდების მხარე ყოველთვის, ნებისმიერ საქმეზე, ბუნებრივია, განიხილავს ბრალდებულის განცხადებას და სურვილიც თუ იქნება საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებული. ამ შემთხვევაში, ბრალდებული გრიგოლ ლილუაშვილი არ აღიარებს ბრალად წარდგენილ არცერთ ეპიზოდს და შესაბამისად მას არც მიმართვა აქვს ამ მიმართულებით გაკეთებული“, – განაცხადა ბერძენიშვილმა.
პროკურორის განცხადებით, საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებების საფუძველზე ბრალდების მხარე მიიჩნევს, რომ ლილუაშვილმა მისთვის წარდგენილი ოთხივე ეპიზოდი ჩაიდინა.
ცნობისთვის, გრიგოლ ლილუაშვილი 2025 წლის 23 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებაში ედება, რაც 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.