რუსეთში, Ozon-ის ლოჯისტიკურ ცენტრებზე დრონებით იერიშები განხორციელდა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, დრონებმა კომპანია Ozon-ის ლოჯისტიკურ ცენტრებს სტავროპოლისა და კრასნოდარის მხარეებში, ასევე დაღესტანში შეუტიეს.

კრასნოდარის მხარის გუბერნატორის, ვენიამინ კონდრატიევის განცხადებით, საწყობში ხანძარი დრონის ჩამოვარდნის შედეგად გაჩნდა. სტავროპოლში დრონებით თავდასხმა მხარის გუბერნატორმა ვლადიმერ ვლადიმეროვმაც დაადასტურა.

დაღესტანში თავდასხმა Ozon-ის ლოჯისტიკურ კომპლექსზე განხორციელდა, რომლის ფართობიც დაახლოებით 130 ათასი კვადრატული მეტრია. თავდასხმა დაღესტნის მეთაურის მოვალეობის შემსრულებელმა ფიოდორ შჩუკინმა დაადასტურა.

Ozon-ის ინფორმაციით, მახაჩყალაში მდებარე საწყობში გაჩენილი ხანძრის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა. კომპანიის განცხადებით, შენობიდან თანამშრომლების ევაკუაცია განხორციელდა და საწყობმა მუშაობა დროებით შეაჩერა.