2026 წლის II კვარტალში საქართველოს ტერიტორიაზე 15 წლის და უფროსი ასაკის ადგილობრივი ვიზიტორების საშუალო თვიურმა რაოდენობამ 1 365.3 ათასი შეადგინა, ხოლო მათ მიერ განხორციელებული ვიზიტების საშუალო თვიურმა რაოდენობამ 1 699.1 ათასი ერთეული შეადგინა.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

საქსტატის ცნობით, საანგარიშო პერიოდში ადგილობრივი ვიზიტორების საშუალო თვიური რაოდენობა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 0.1%-ით შემცირდა, ხოლო განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა 1.1%-ით გაიზარდა.

საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ განხორციელებული ტურისტული ტიპის ვიზიტების საშუალო თვიურმა რაოდენობამ 683.4 ათასი შეადგინა, რაც წლიურად 1.3%-ით ნაკლებია.

ვიზიტორების უმრავლესობა, 36.1%, 51-70 წლის ასაკობრივ კატეგორიას მიეკუთვნებოდა, ხოლო ქალები ვიზიტორების საერთო რაოდენობის 56%-ს შეადგენდნენ.

ვიზიტორების 38.2% თბილისის მცხოვრები იყო, 16.3% კი იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონზე მოდიოდა.

ვიზიტების უმრავლესობა, 52.6%, მეგობრებისა და ნათესავების მონახულების მიზნით განხორციელდა.

ყველაზე მეტი ვიზიტი იმერეთსა და თბილისში განხორციელდა – საშუალოდ 377.4 ათასი ვიზიტი თვეში თითოეულ რეგიონში.

საქსტატის მონაცემებით, 2026 წლის II კვარტალში ადგილობრივი ვიზიტების ფარგლებში გაწეული საშუალო თვიური ხარჯები 300.7 მილიონ ლარს შეადგენდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 7.2%-ით მეტია. ერთ ვიზიტზე გაწეული საშუალო ხარჯი კი 6%-ით გაიზარდა და 177 ლარი შეადგინა.