უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინულმა ძალებმა გასული 24 საათის განმავლობაში რუსეთის ტერიტორიაზე 16 სამიზნეზე განახორციელეს დარტყმა.
ზელენსკის ინფორმაციით, სამიზნეებს შორის იყო ნავთობის ინფრასტრუქტურა, აეროდრომები, სარაკეტო დანადგარები, სამხედრო და ლოგისტიკური ობიექტები.
„ბოლო 24 საათის განმავლობაში ჩვენმა ჯარებმა რუსეთში 16 სამიზნეს დაარტყეს. კერძოდ, შორ მანძილზე მოქმედი დარტყმები განხორციელდა ნავთობის ობიექტებზე – რუსეთის ნავთობის ფონდზე, რომელიც აფინანსებს ომს. მათ ასევე დაარტყეს აეროდრომებს, სარაკეტო დანადგარებსა და ინფრასტრუქტურას, რომელიც მუდმივად გამოიყენება უკრაინაზე თავდასხმებისთვის“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, უკრაინულმა ძალებმა ასევე განახორციელეს დარტყმები რუსეთის სამხედრო ობიექტსა და ლოგისტიკურ ცენტრზე.
ზელენსკის განცხადებით, უკრაინის მიზანია რუსეთის მიერ წარმოებული ომისთვის საფასურის გაზრდა და მისი სამხედრო შესაძლებლობების შემცირება.
„ომი იქ უნდა დაბრუნდეს, საიდანაც დაიწყო. უკრაინა რუსეთის თავდასხმებს პასუხობს და ამას ისე აკეთებს, რომ აგრესორისთვის ომის ფასი გარდაუვლად იზრდება. სამართლიანად ვამცირებთ რუსეთის აგრესიის პოტენციალს“, – აღნიშნა ზელენსკიმ.