„გახარია საქართველოსთვის“ პოლიტსაბჭოს წევრის, თამარ კეკენაძის განცხადებით, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის პირობებში შეჩერებულია.
კეკენაძე ევროპული საბჭოს გაფართოების საკითხზე დაგეგმილ დისკუსიასა და ევროკომისარ მარტა კოსის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც იმ ქვეყნების ჩამონათვალში, რომლებიც ევროკავშირის წევრობისთვის ემზადებიან, საქართველო არ დაასახელა.
მისი შეფასებით, საქართველოში არსებული პოლიტიკური კურსის გათვალისწინებით, გასაკვირი არ არის, რომ საქართველო ევროკავშირის გაფართოების პროცესში ლიდერ ქვეყნებს შორის არ განიხილება.
„ძალიან გამიკვირდებოდა ამ დოკუმენტში საქართველო რომ მენახა. სამწუხაროდ, ბოლო ორი წელი ამ რეალობაში ვცხოვრობთ. „ქართულმა ოცნებამ“ და ირაკლი კობახიძემ, ბიძინა ივანიშვილის დავალებით, საქართველოს ევროინტეგრაცია ორი წლის წინ გააჩერეს. მათ ძალიან მკაფიოდ თქვეს, რომ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაცია გაჩერებულია“, – განაცხადა კეკენაძემ.
მისი თქმით, სწორედ ამიტომ გაუგებარია მმართველი გუნდის მხრიდან უკმაყოფილება იმის გამო, რომ საქართველო ევროკავშირის გაფართოებასთან დაკავშირებულ ღონისძიებებში არ მონაწილეობს.
კეკენაძე ასევე გამოეხმაურა მარტა კოსის მიერ გაწევრიანების მსურველი ქვეყნების მხარდასაჭერად შეთავაზებულ ინიციატივას და აღნიშნა, რომ საქართველოს მოსახლეობამ დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ არაერთხელ დააფიქსირა ევროპული არჩევანი.
„დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, საქართველოს მოქალაქეებმა ძალიან მკაფიოდ თქვეს, რომ ჩვენი მომავალი არის ევროკავშირში და ჩვენი მომავალი არის ევროპა. თაობების მხრიდან ყველაფერი კეთდებოდა იმისთვის, რომ ამ მომავლისთვის მიგვეღწია, მაგრამ საქართველოში ორი წლის წინ „ქართული ოცნების“ რეჟიმმა ივანიშვილის დავალებით და კობახიძის მოღალატეობრივი განცხადებებით ეს ინტეგრაცია გააჩერა“, – აღნიშნა მან.
კეკენაძის შეფასებით, სანამ „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში იქნება, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პერსპექტივა არ ექნება. მისი თქმით, ქვეყნის ევროპული კურსის შეცვლისთვის აუცილებელია ხელისუფლების ცვლილება.
ცნობისთვის, ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში, მარტა კოსმა განაცხადა, რომ ოქტომბერში ევროპელი ლიდერები ევროპულ საბჭოში გაფართოების საკითხზე იმსჯელებენ. მანამდე, სექტემბერში, ევროკომისია წარადგენს წინადადებებს იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მოემზადოს ევროკავშირი ახალი წევრი სახელმწიფოების მისაღებად.
კოსის განცხადებით, გაფართოების პროცესში განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს კანონის უზენაესობას, კანდიდატი ქვეყნების მიერ რეფორმების შესრულებას, ევროკავშირის შიდა რეფორმებსა და ახალი წევრების მიერ ევროკავშირის პოლიტიკური, ეკონომიკური და უსაფრთხოების გაძლიერებას.
ევროკომისარის თქმით, 2026 წელი ევროკავშირის გაფართოების მიმართულებით პროგრესის თვალსაზრისით რეკორდული იქნება. მან კონკრეტულად მონტენეგროს, ალბანეთის, უკრაინისა და მოლდოვის პროგრესზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სურს, სხვა კანდიდატი ქვეყნებიც შეუერთდნენ ლიდერთა ჯგუფს.